„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს” - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე, თითქოს აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის მიწოდების შეფერხებას სატარიფო ბარიერები ქმნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პასუხობს.

„მიმდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს. საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი” - განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

ცნობისთვის, გუშინ აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო აზერბაიჯანული ნავთობის სომხეთში გატარებაზე საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვდა. როგორც Minival.az-ი წერდა, „ქართულმა მხარემ 111 კილომეტრიანი მონაკვეთისთვის ტონაზე 92 დოლარის ტარიფი შესთავაზა, რაც კილომეტრზე ტონაზე 0,82 დოლარს შეადგენს! ერთი შეხედვით, ეს შეიძლება სტანდარტულ ტარიფად მოგეჩვენოთ, მაგრამ შედარება საპირისპიროს აჩვენებს.