„ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც შუა დერეფანს გააუმჯობესებს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა ევგენი ჟუკოვმა განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ADB მუშაობს საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებთან იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი საბაჟო პუნქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მიმოსვლას.

„ვმუშაობთ პროექტზე, რომელიც შუა დერეფანს გააუმჯობესებს. კონკრეტულად, აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობასთან განვიხილავთ შესაძლებლობას, გვქონდეს ერთიანი საბაჟო პუნქტი, რომელიც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მოძრაობას. ამასთანავე, მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ქონა არის აუცილებელი იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა იყოს მდგრადი, სხვა ალტერნატივებთან იყოს“, - დასძინა მან.

ჟუკოვმა ჩვენთან საუბარში ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობაზე და აღნიშნა, რომ მაგისტრალური გზების განვითარება შუა დერეფნის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„ბოლო კვირებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად გახსნეს კიდევ ერთი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის შუა დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილი. ვმუშაობთ პროექტებზე, რომელიც მიემართება უშუალოდ საბაჟო ხაზების გაძლიერებაზე“, - განაცხადა ჟუკოვმა.

მანვე დასძინა, რომ შუა დერეფნის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ჯამში 50 მილიარდზე მეტი დოლარი დაბანდდა პროექტებში, მათ შორის საქართველოში.

„კარეკის დერეფან N2-ზე“ ვმუშაობთ მრავალი წლის განმავლობაში. „კარეკის“ პროგრამა 2000 წლებიდან არის ძალაში. დავაბანდეთ 50 მილიარდი დოლარი ამ პროექტში და სხვადასხვა დამაკავშირებელ პროექტში რეგიონის ძალიან ბევრ ქვეყანაში, რომელიც საქართველოსაც მოიცავს“, - აღნიშნა ევგენი ჟუკოვმა.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირას ცნობილი გახდა, რომ შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი - ბაქო-თბილისი-ყარსი - 20 მაისს გაიხსნება. მოსალოდნელია, რომ ტვირთების გადაზიდვების მოცულობა 5-ჯერ გაიზრდება. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვა წელიწადში 6,5 მილიონ ტონას, მგზავრთა მოცულობა კი მილიონამდე ადამიანს მიაღწევს.

bpn.ge