PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ლექსო ალექსიშვილი აცხადებს, რომ ანაკლიაზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ რა არის სახელმწიფოს როლი. როგორც მან გადაცემა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში აღნიშნა, ამ პროექტზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო.

“ანაკლია თავისთავად არის ძალიან რთული და მრავალწახნაგოვანი პროექტი... მე არ ვიცი კონსორციუმი შექმნილია თუ არ არის შექმნილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მანდ შეკითხვა ისმება არა კონსორციუმის შესახებ მხოლოდ და მათ კონსტრუქციაზე და სტრუქტურაზე, ვინ არიან, რას წარმოადგენენ და ასე შემდეგ, არამედ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის - თუ რა არის სახელმწიფოს როლი, რა ვალდებულებებს იღებს სახელმწიფო ამ უშველებელი პროექტის განხორციელების დროს. მათ შორის, მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ ჩვენ ვაფინანსებთ, ანუ სახელმწიფო აფინანსებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ უშველებელი ფული უნდა ამოიღოს ეკონომიკიდან და მიმართოს ამ პროექტისთვის. მეორე არის, რომ ჩვენ არ ვაფინანსებთ, მაგრამ გარანტიას ვიძლევით, რაც თავისთავად ასევე საფრთხე არის. რას ნიშნავს ეს? როგორ, რა გარანტიას ვიძლევით, რა ფორმის გარანტიას? იმიტომ რომ ის შეიძლება დღეს არ იყოს ჩვენს ხარჯზე განხორციელებული, როგორც გადასახადის გადამხდელების, მაგრამ შეიძლება იყოს ჩვენი შვილების ხარჯზე.... სუვერენული გარანტიის მიცემის დროს ყოველთვის არის საფრთხე, რომ იქ რაღაცა ისე არ მოხდეს.

ეს მდებარეობს ჩვენთვის ყველაზე უფრო მტკივნეულ კონფლიქტთან ახლოს და იქ ერთი შემთხვევითი დრონის გადმოფრენა და ჩამოვარდნა თავისთავად ნიშნავს ამ პროექტისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის შექმნას, და მერე რა ხდება? ნებისმიერ შემთხვევაში მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ჩვენ ვმსჯელობთ რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, უფრო პრაგმატულად უნდა ვიმსჯელოთ, ვიდრე მხოლოდ ემოციით, რომ აი ეს პროექტი გვჭირდება, ეს პროექტი აგვაშენებს, ეს პროექტი გაგვაძლიერებს და ასე შემდეგ”, - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა.

კითხვაზე - ჩნდება თუ არა კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელება ქვეყანას გააძლიერებს, ალექსიშვილის პასუხობს, რომ არ ჩნდება, თუმცა საფრთხეებთან დაკავშირებით სამსჯელოა.

ვრცლად: bm.ge