აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოში 2026 წელს 3.8%-იან ინფლაციას ვარაუდობს.

თუმცა, ბანკი მთავრობას აფრთხილებს, რომ მიწოდების ჯაჭვების შეფერხებამ და ნავთობზე ფასების შესაძლო მატებამ, შესაძლოა, ინფლაციური წნეხი გააძლიეროს.

„ადრეული სტაბილიზაციის სცენარის პირობებში, 2026 წელს 3.8% ინფლაციას ვარაუდობენ, რაც ოდნავ ჩამოუვარდება 2025 წლის 3.9%-ს, ხოლო 2027 წელს 3.3%-მდე შემცირდება. რადგან საქართველო კვლავაც მოწყვლადია გარე შოკების მიმართ, ტრადიციული მიწოდების ჯაჭვების გახანგრძლივებული შეფერხება და ნავთობზე ფასების გლობალური ზრდა ინფლაციურ რისკებს გააძლიერებს“, - წერია ADB-ს ანგარიშში.

რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, აზიის განვითარების ბანკი ელოდება, რომ 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდება, რისი ძირითად მიზეზებად მომსახურების სექტორის შენელება და საგარეო მოთხოვნის კლება სახელდება.

ADB-ის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2025 წლის 7.5%-დან 2026 წელს 5.5%-მდე შენელდება.