„თუკი აქამდე გვესმოდა, რომ ზარალი დაითვლებოდა ინდივიდუალურად, ამჯერად პირველად გააჟღერეს, რომ თურმე ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და 30 000 ლარია კანონით განსაზღვრული ეკომიგრანტებისთვის. ამას მოჰყვა უკმაყოფილება,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ მარიამ ბეროძე, დამეწყრილი სოფლის, კურსების მაცხოვრები.
მისი თქმით, 8 აპრილს, დამეწყრილ ოჯახებს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებსაც კითხვები დაუსვეს კომპენსაციაზე და მეწყრის განვითარების მიზეზებზე.
რატომ არის მიუღებელი შეთავაზებული კომპენსაცია და რას ითხოვს მოსახლეობა? – ამ თემაზე ვესაუბრეთ მარიამ ბეროძეს.
- მარიამ, რა ითქვა ამ შეხვედრაზე და კონკრეტულად რა იყო მიუღებელი მოსახლეობისთვის ამ შეთავაზებიდან?
სანამ ჩვენამდე მოვიდოდნენ და პრეზენტაციას ჩაატარებდნენ, რამდენიმე დღით ადრე, „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ ამ სოფელში თურმე ისტორიულად ყოფილა მეწყრული კერები და მე-19 საუკუნეში ეს ადგილი დაცლილი იყოო.
გამოდის, რომ სანამ დასკვნას წარმოგვიდგენდნენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეს „დასკვნა“ მოიპოვა. როცა ჩვენ დავსვით კითხვები თუ საიდან ჰქონდათ ეს ინფორმაცია, არსებობს თუ არა რაიმე წყარო, მტკიცებულება, გვითხრეს, რომ მოკვლევის ერთ-ერთი მეთოდია ადამიანების გამოკითხვა და ჩვენც გამოვკითხეთ ერთი ადამიანი, რომელსაც ანონიმურად ვტოვებთო.
მთავარი სათქმელი რაც ჰქონდათ ჩვენთან, ის იყო, რომ კურსებში მეწყერი არის ბუნებრივი გზებით გამოწვეული და შახტები, კარიერები და ყველა სხვა ხელოვნური ჩარევა გარემოში, გამორიცხეს. გვეუბნებიან, რომ რაღაც გრუნტის წყლებია მთავარი პრობლემა, რომ ტერიტორიის მორფოლოგიური აგებულება, ტექტონიკაა ასეთი და ასე შემდეგ.
შემდეგ, როცა მოსახლეობამ დასვა კითხვები გზის აღდგენაზე და კომპენსაციის ოდენობაზე, გზის აღდგენაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა უარი განაცხადა. თქვა, რომ ვერ გასცემს რეკომენდაციას იმ მიზეზით, რადგან სოფელი ისევ მეწყერსაშიში ზონაა და აქტიური პროცესებია.
თუმცა ერთ-ერთმა თანასოფლელმა ისაუბრა ალტერნატიულ გზებზე, რომელიც არსებობდა. აღმოჩნდა, რომ ეს საკითხიც არ ჰქონდათ ბოლომდე შესწავლილი და შეიძლება გამოვძებნოთ რაიმე გზაო.
- ამ შეხვედრაზე თუ ითქვა გარკვევით კომპენსაციაზე და რამდენი შეიძლება იყოს ეს?
პრეზენტაციაში არაფერი ეწერა ანაზღაურების ნაწილზე და რადგან მოსახლეობამ დასვა ეს კითხვები, შემდეგ დაიწყეს პასუხის გაცემა, რასაც მოჰყვა დიდი აჟიოტაჟი – რადგან თუკი აქამდე გვესმოდა, რომ ზარალი დაითვლებოდა ინდივიდუალურად, ამჯერად პირველად გააჟღერეს, რომ თურმე ჩვენ ვართ ეკომიგრანტები და 30 000 ლარია კანონით განსაზღვრული ეკომიგრანტებისთვის. ამას მოჰყვა უკმაყოფილება მოსახლეობის მხრიდან.
მოსახლეობის რეაქციის შემდეგ თქვეს, რომ ვმუშაობთ კომპენსაციის გაზრდაზეო, მაგრამ რამდენით გაიზრდება და რას მოიაზრებენ ამაში, არც ეს მოგვისმენია.
- თქვენი შეფასებით, რამდენი ლარი შეიძლება იყოს გონივრული თანხა, რომელიც უნდა მიიღონ დაზარალებულმა ოჯახებმა, თუ ისაუბრა ამაზე თავად მოსახლეობამ?
ეკომიგრანტების დახმარების თანხა 30 000 ლარი, 2012 წელს არის დადგენილი. მას შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში. კოლოსალურად გაძვირდა უძრავი ქონება, ყველაფერზე აწეულია ფასები, შესაბამისად, ეს თანხა ვერანაირად ვერ იქნება ადეკვატური. არც ეკომიგრანტის სტატუსია პრობლემა, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, სამართლიანად აგვინაზღაურონ ზარალი.
ქვეყანაში, სადაც ნახევარი მილიონი ლარი თეატრის განათებაზე იხარჯება, მილიონები კი ათას უაზრო პროექტებზე, მეწყერისგან დაზარალებულმა ოჯახებმა, რატომ არ უნდა მიიღონ ღირსეული ანაზღაურება?
როცა სხვა სოფლები დაიმეწყრა, 50 000 ლარი შესთავაზეს კომპენსაცია ადამიანებს, თუმცა დღეს, ეს თანხაც სათუოა. რადგან ძალიან მწვავე კამათი მოჰყვა ამ საკითხს, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ვერც კი დაასრულა საუბარი.
- ერთი ადამიანის მონაყოლზე დაყრდნობით გადაწყვიტეს, რომ მეწყერი ბუნებრივი პროცესით იყო გამოწვეული და ამიტომ არ გეკუთვნით მაღალი კომპენსაცია?
დიახ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ამბობენ, ეს დასკვნები არ არის საბოლოოო. შემდეგ გვითხრეს, თუ დოკუმენტი გაინტერესებთ, გამოითხოვეთ ინფორმაციაო. რატომ უნდა მჭირდებოდეს დასკვნების გამოთხოვა, ხომ მოვიდნენ, მოეტანათ ეს წყაროები, დოკუმენტები და გაეცნოთ ჩვენთვის. ან კარგად მოეძიებინათ და ისე ესაუბრათ.
- დავუშვათ, მართლაც იყო მეწყერი ორი საუკუნის წინ ამ სოფელში, ეს რა კავშირშია კომპენსაციის საკითხთან?
ამ ინფორმაციას ავრცელებენ რკინიგზის აშენების თარიღზე დაყრდნობით, რომ რკინიგზის აშენებამდე მოხდა ეს ყველაფერი, სავარაუდოდ მე-19 საუკუნეშიო. თუმცა ამის სხვა რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
- თუ მეწყერსაშიში იყო ეს ზონა, სტრატეგიული ობიექტი, ანუ რკინიგზა როგორ ააშენეს, მაშინაც ხომ უნდა ჰქონოდათ ეს ინფორმაცია?
კარგი კითხვაა, რეალურად ჩვენც იმავეს ვეკითხებით, რომ თუ იყო მეწყრული ზონა, მაშინ, რატომ აშენდა რკინიგზა, შემდეგ მაღაზიები, გასამართი სადგური, კომერციული ფართობები და ბევრი სხვა რამ. რატომ მისცეს უფლება ადამიანებს, რომ რაღაცები აეშენებინათ. მაგალითად, ჩემმა ბევრმა მეზობელმა სახლი გაყიდა ქუთაისში და კურსებში დაიწყო მშენებლობები. გარემოს ეროვნული სააგენტო ამბობს, ჩვენ ხომ არ გაგვიცია ლიცენზიები, პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთო.
- მეწყრის შემდეგ ხომ არ ყოფილხართ სოფელში და თუ მოახერხეთ რაიმეს გამოტანა სახლიდან?
ჩემი სახლი მთლიანად დანგრეული არ არის, მაგრამ წითელ ზონაშია, სახლის დამხმარე ნაგებობებია წაღებული და სახლზეც მომდგარია მეწყერი.
ერთადერთხელ მოგვცეს საშუალება, რომ მაშველებთან ერთად შევსულიყავით სოფელში და აუცილებელი ნივთები წამოგვეღო. ახლა არავის უშვებენ და ჩაკეტილია გზა.
ჩვენ არ გვყავდა საქონელი, მხოლოდ კატები გვყავდა. შინაური ცხოველები – ძროხები, გოჭები ვისაც ჰყავდა, როგორც ვიცით, გამოაყვანინეს ხალხს. იმიტომ, რომ ამ შეხვედრაზე ახსენეს ეს საკითხი. ძაღლებს და კატებს ალბათ თავშესაფარში წაიყვანენ, რადგან როცა ბინებს ვქირაობთ, მეპატრონეები ცხოველების შეყვანის უფლებას არ გვაძლევენ.
ქირის ფულს იხდის სახელმწიფო და როგორც გვითხრეს, 6 თვიდან ერთ წლამდე გაგრძელდება თანხის გადახდა.
იმერეთში, ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში მეწყერი 12 მარტს, გამთენიისას ჩამოწვა, რის შედეგადაც 15 სახლი მთლიანად განადგურდა. მეწყრული ზონიდან 45 ოჯახია გაყვანილი.