2026 წლის ბოლომდე, ოქროს ფასი 5055 აშშ დოლარამდე გაიზრდება, - ასეთია უმსხვილესი ამერიკული ბანკის J.P. Morgan-ის პროგნოზი. კიდევ ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკის Goldman Sachs-ის მოლოდინით კი, მომავალი წლის დეკემბრისთვის 1 უნციაზე ძვირფასი მეტალის ფასი 4900 დოლარს მიაღწევს.

ოქროს ფასის ზრდის მოლოდინები ისევ მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ მოვლენებს უკავშირდება. ანალიტიკოსები და მსხვილი საინვესტიციო ბანკები ფიქრობენ, რომ AI-სთან დაკავშირებული სპეკულაციური ბუშტის გახეთქვა საფონდო ბირჟის მკვეთრ ვარდნას გამოიწვევს, რაც ოქროს ღირებულებაზე პოზიტიურად აისახება. მეორე მხრივ, ექსპერტები მომატებულ რისკს ხედავენ რუსეთ-უკრაინის ომის გაგრძელებასთან და მოსკოვის მხრიდან სამხედრო აგრესიის გაზრდასთან დაკავშირებით, ასევე სხვა ქვეყნებთან მიმართებითაც. ასეთ დროს, ბუნებრივია, რომ ოქროს ფასი იმატებს, რადგან ის რისკებისგან თავის დაზღვევის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.

ოქროს ფასი მზარდი იყო 2025 წლის განმავლობაშიც. მიმდინარე წელი ძვირფასმა მეტალმა, დაახლოებით, 2600-2700 აშშ დოლარის ნიშნულზე დაიწყო და მაშინ, ანალიტიკოსები და საერთაშორისო ბანკები, ვარაუდობდნენ, რომ წლის ბოლომდე ოქროს ღირებულება 3000 აშშ დოლარამდე გაიზრდებოდა. მაშინდელი პერსპექტივით, ეს იყო ძალიან მაღალი ნიშნული ოქროს ფასისთვის. თუმცა, 2025 წლის დაწყებიდან მალევე, კერძოდ აპრილის თვეში, 1 უნცია ოქროს ღირებულება 3400 აშშ  დოლარსაც კი გადასცდა. ამის შემდეგ, ანალიტიკოსებმა უკვე დაიწყეს საუბარი, რომ წლის ბოლოსთვის, ოქროს ფასები 3700 აშშ დოლარს მიაღწევდა, მაგრამ არც ეს ფასი აღმოჩნდა ზედა ჭერი ძვირფასი მეტალისთვის, მეტიც - ოქროს ფასმა 2025 წლის განმავლობაში არა ერთი რეკორდი მოხსნა და 4400 აშშ  დოლარსაც არა ერთხელ გადააჭარბა.

საერთო ჯამში, ერთწლიან პერიოდში ოქრო თითქმის 70%-ით არის გაძვირებული.

bp.ge