სტრიქონებს შორის:
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ (TCRC) შეფასებით, საქართველოს რკინიგზის ეფექტიანობის ზრდა ტექნიკურ გადაიარაღებასა და სისტემის მოდერნიზაციაზეა დამოკიდებული. ცენტრი ასევე ყურადღებას ამახვილებს კომპანიაში ახალგაზრდა კადრების დეფიციტსა და პერსონალის გადინებაზე.
TCRC-ის ანალიზის მიხედვით, 2020-2025 წლებში საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულთა რაოდენობა 13%-ით შემცირდა. ამჟამად კომპანიის სხვადასხვა რგოლში 10 719 ადამიანი მუშაობს.
კვლევის თანახმად, კადრების შემცირება განსაკუთრებით ინფრასტრუქტურისა და სატვირთო გადაზიდვების მიმართულებებშია შესამჩნევი. 2020-2025 წლებში ინფრასტრუქტურის მიმართულებით პერსონალი 15%-ით, სატვირთო გადაზიდვებში კი 11%-ით შემცირდა.
ცენტრი პრობლემად რკინიგზაში დასაქმებულთა ასაკობრივ სტრუქტურასაც ასახელებს. მონაცემების მიხედვით, 30 წლამდე თანამშრომლები პერსონალის მხოლოდ 7%-ს შეადგენენ, მაშინ როცა 50 წლისა და უფროსი ასაკის დასაქმებულთა წილი 54%-ია.
TCRC-ის შეფასებით, კადრების გადინების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბალი ანაზღაურებაა. 2020-2025 წლებში რკინიგზაში საშუალო შეწონილი ხელფასი 61%-ით — 1 135-დან 1 829 ლარამდე გაიზარდა, თუმცა ამავე პერიოდში ქვეყანაში ინფლაციამ 40% შეადგინა. ცენტრის განცხადებით, შედეგად ხელფასის რეალური ზრდა დაახლოებით 21% იყო.
კვლევაში საქართველოს რკინიგზის პროდუქტიულობაცაა შედარებული რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის რკინიგზებთან. TCRC-ის მონაცემებით, ერთ თანამშრომელზე გათვლილი ტვირთბრუნვა საქართველოში ყაზახეთთან შედარებით 6.2-ჯერ, ლიეტუვასთან 3.1-ჯერ, ლატვიასთან 1.9-ჯერ და უზბეკეთთან 1.4-ჯერ ნაკლებია.
ცენტრის შეფასებით, ეს მონაცემები საქართველოს რკინიგზაში ადამიანური რესურსის გამოყენების შედარებით დაბალ პროდუქტიულობაზე მიუთითებს. TCRC მიიჩნევს, რომ პერსონალის ოპტიმიზაცია ტექნიკურ განახლებასთან და ახალი ტექნოლოგიების დანერგვასთან ერთად უნდა განხორციელდეს.
ანალიტიკურ მასალაში ასევე საუბარია მთავრობის მიერ დაანონსებულ სარკინიგზო სექტორის 10-წლიან გეგმაზე, რომელიც, TCRC-ის ცნობით, გრძელვადიან პერიოდში 1.7 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციებს, ხოლო 2026-2028 წლების მოკლევადიან პროგრამაში დაახლოებით 1 მილიარდი ლარის მიმართულებების განხორციელებას ითვალისწინებს.