ქართული საიუველირო კომპანია "ზარაფხანა" ფართოვდება - კომპანია 2026 წელს, სავარაუდოდ, თებერვალში საბურთალოს "სითი მოლში“ ფილიალს გახსნის - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ „ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა.
მისივე განცხადებით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 60 000 ლარი იქნება.
"ყველა მოლს თავისი მოთხოვნები აქვს. ეს იქნება მაღაზიის კონცეფცია სტენდის ადგილას და აღნიშნულისთვის 60 000 ლარამდე დაიხარჯება, რაც ნებისმიერი ბიზნესისთვის არ არის პატარა თანხა. ვცდილობთ, ყველაფერი ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენი სივრცე მომხმარებლებისთვის საინტერესო იყოს", - აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
"ზარაფხანას" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანია დედაქალაქის გარდა, გაფართოებას რეგიონული მასშტაბითაც გეგმავს და შესაძლოა, ახალი ფილიალი ქუთაისში გაიხსნას.
აღნიშნულის გარდა, კომპანია ევროპაში "ზარაფხანას" ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავდა. როგორც თორნიკე სამხარაძემ აღნიშნა, პროექტი ამ ეტაპზე დაპაუზებულია, თუმცა შერჩეულია სავარაუდო ქვეყანა, სადაც ქართული ბრენდი შევა. აღნიშნული ქვეყნები კი დიდი ბრიტანეთი (ლონდონი) და საფრანგეთია.
ცნობისთვის, „ზარაფხანა“ ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, 5 ფილიალს ფლობს, აქედან 4 მაღაზია თბილისში, 1 კი - ბათუმში მდებარეობს.