ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე შვეულმფრენის მომსახურებაზე მოთხოვნაა თუშეთის მიმართულებით, სვანეთისა და აჭარის მიმართულებით, - ამის შესახებ „ქართული ავიაკომპანია TCA Airlines-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლიკა ქორთოშიძემ BM.GE-სთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ ადრე სტატისტიკურად, 70% უცხო ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ, ხოლო 30% ადგილობრივი მოსახლეობა, ახლა, თითქმის გათანაბრებულია პროცენტული გადანაწილება.

რაც შეეხება ფასებს, მისი თქმით, შვეულმფრენის მომსახურება $500-დან 1750-მდე ღირს.

„მაგალითისთვის, თელავის აეროპორტიდან, თუშეთის მიმართულებით, 5 მგზავრის გადაყვანა, ლოდინის პერიოდი და უკან დაბრუნება, დაახლოებით 1750 დოლარია ეკვივალენტი ლარში. თუმცა, ასევე ძალიან დიდი მოთხოვნაა შემოფრენით ტურზე, კერძოდ კახეთის რეგიონში. ამ ტურის ღირებულება კი, 500-800 დოლარის ეკვივალენტია ლარში",- აღნიშნავს ლიკა ქორთოშიძე.

რაც შეეხება დატვირთვას, მისი განმარტებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე აქტიურად არიან დატვირთული და მათზე მოთხოვნა მზარდია. საქართველოში სათავგადასავლო ტურების მიმართულებით თუშეთი და სვანეთი არის ძალიან მოთხოვნადი, რაზედაც წინასწარი ჯავშნებიც არის. სათავგადასავლო ტურების მიმართულებით, ზაფხულისა და ზამთრის სანავიგაციო სეზონის ჯავშნები ჰელისკის მიმართულებით უკვე მიმდინარეობს. გარდა ამისა, კომპანია მსურველს სანავიგაციო სეზონზე, ტანდემში პარაშუტით ხტომასაც სთავაზობს.

წყარო: bm.ge