ჩვენ მიმდინარე წელს იტალიური კრემიანი პანეტონეები დავამატეთ, რომელსაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა, თუმცა ყველაზე მეტად მოთხოვნადი კლასიკური პასკაა, - ამის შესახებ საკონდიტრო "გურმეს" გაყიდვების მენეჯერმა რუსა მუზაშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, აღდგომის პერიოდში "გურმეს" პროდუქციაზე მოთხოვნა 30%-ით გაზრდილია.
"აქტიური სეზონია ჩვენთვის. მიმდინარე წელს, შარშანდელთან შედარებით ნედლეული გაძვირებულია, რაც ჩვენს პროდუქციაზეც აისახა. ფასის ზრდა განსაკუთრებით ქიშმიშზე შეიმჩნევა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პროდუქციის ფასები წინა წელთან შედარებით 15%-ით არის გაზრდილი.
ჩვენ სტაბილურად ვვითარდებით. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც კორპორატიული სეგმენტი, ასევე ინდივიდუალური პირები. ყველაზე დიდი მოთხოვნა კლასიკურ და ხაჭოს პასკაზე", - აცხადებს რუსა მუზაშვილი.
ცნობისთვის, "გურმე" ბაზარზე 13 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიის საწარმო თბილისში, მირიან მეფის 70 ნომერში მდებარეობს. ასევე, "გურმეს" 2 კაფე აქვს, რომლებიც ასევე, თბილისში მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ აუდიტის შედეგად, „გურმემ“ ISO 22000:2018 საერთაშორისო სერტიფიკატი აიღო, რომელიც კონკრეტულად კვებით-სამრეწველო მიმართულებას ეხება.