იურიდიული კომპანია BLC-ის იურისტი რუსუდან ხაზარაძე, შრომითი მიგრაციის კანონში შესულ ცვლილებებს აკრიტიკებს და იმ გამოწვევებზე საუბრობს, რომლის წინაშეც კომპანიები 1-ელი მარტიდან დადგებიან.

როგორც მან დასაქმების ხელშემწყობი სააგენტოსა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ მედიასთან აღნიშნა, იმ რეგულაციის ჩანაწერში, რომელიც ძალაში უკვე 1-ელი მარტიდან შედის, ჯერ კიდევ არის ბუნდოვანებები.

"უპირველეს ყოვლისა, გამოწვევა არის ის, რომ ძალიან მოკლე ვადით ადრე გამოქვეყნდა ეს დაზუსტებული რეგულაციები, რომლებმაც ძალიან ბევრი გაურკვევლობა გამოიწვია. არის კითხვები, რომლებზეც ჯერჯერობით ძალიან ზოგადია პასუხები, იმიტომ რომ არ ვიცით, როგორ განიმარტება და იმოქმედებს პრაქტიკაში.

ბევრი კოლიზიური ჩანაწერია. ისიც არ ვიცით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამას ბიზნესზე, იმიტომ რომ არის უცხოელის დასაქმების ძალიან ხანგრძლივი პროცედურა და ჩართულია სახელმწიფო, თვითონ სთავაზობს კადრებს - ამაში კი დრო იხარჯება. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ეს შეიძლება ბიზნესისთვის დამატებითი ტვირთი იყოს და ეფექტიანობა დააკარგვინოს მას", - განაცხადა რუსუდან ხაზარაძემ.

BLC-ის იურისტის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებით ბიზნესს უცხო ქვეყნის მოქალაქის გამოსაცდელი ვადით აყვანა აღარ შეეძლება, რითაც კომპანიები აქამდე აქტიურად სარგებლობდნენ.

"არის შრომით კოდექსთან დაკავშირებული საკითხებიც. ფაქტობრივად გამოდის, რომ დღეს გამოსაცდელი ვადით უცხოელის დასაქმება, ახალი რეგულაციების პირობებში, შეუძლებელი იქნება, რაც ძალიან დიდი კომფორტი და ბენეფიტი იყო აქამდე კომპანიებისთვის. კომპანიას აჰყავს კადრი, რომელზეც არ იცის, რამდენად მოერგება უშუალოდ სამუშაო სივრცეს, მაგრამ ახლა იმისთვის, რომ უბრალოდ სცადო და აიყვანო, უკვე პირდაპირ შრომითი ხელშეკრულება უნდა გააფორმო გამოსაცდელი ვადის გარეშე.

და რაც ყველაზე მთავარია, თავიდან ვიცოდით, რომ ეს რეგულაციები მხოლოდ შრომით მიგრანტებზე ვრცელდებოდა, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ კორპორაციული სტრუქტურის ნაწილებზეც ვრცელდება: ეს არის დირექტორები, სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. პარტნიორებთან მიმართებით მივიღეთ განმარტება, რომ ეს არ ეხებათ პარტნიორებს, თუმცა ცალსახად დადგენილებაში არ წერია, პირიქით, საწინააღმდეგო ჩანაწერია. ის ფაქტი, რომ დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებიც ექვემდებარებიან ამ რეგულაციებს - საჭიროა მათთვის შრომითი ბინადრობის მოწმობების აღება, შრომითი ნებართვების აღება და შეიძლება კონკრეტულმა პირმა ვერც აიღოს - ვფიქრობთ, რომ ძალიან დიდი პრობლემა შეიძლება გახდეს სამომავლოდ", - განაცხადა რუსუდან ხაზარაძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს „შრომითი საქმიანობის უფლება“ ესაჭიროება. ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა. თუმცა, მთავრობამ კვოტირების მექანიზმი გამოიყენა და რამდენიმე პოპულარულ საქმიანობაზე ნულოვანი კვოტა დააწესა. მათ შორისაა, საკურიერო მომსახურება, ტაქსით მგზავრთა გადაყვანა და ტურისტული გიდის მომსახურება. მათთვის, ვინც უკვე მუშაობს საქართველოში, დაწესდა გარდამავალი პერიოდი:

  • თვითდასაქმებულები (კურიერები/მძღოლები): აღსრულების მექანიზმი მათზე 2026 წლის 1 მაისიდან გავრცელდება.
  • რეგისტრირებული იმიგრანტები: მათ, ვინც უკვე ბაზაშია, სტატუსის მოსაწესრიგებლად ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე მიეცათ.

bm.ge