საქართველოში ველოსიპედის გაყიდვები წლიდან წლამდე იზრდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“  კომპანია GEORGIAN BICYCLE GROUP-ის დამფუძნებელმა, ბექა კიკნაველიძემ  განუცხადა.

მისი თქმით, GEORGIAN BICYCLE GROUP-ის შემთხვევაში, წლიური ზრდა 10-დან 15 პროცენტამდე მერყეობს.

„თუ ადრე მოთხოვნადი მხოლოდ საბაზისო მოდელები, ანუ სამთო ველოსიპედები იყო, ახლა გაზრდილია როგორც საბავშვო ველოსიპედების, ისე ელექტრო და ქალაქის, ანუ საგზატკეცილო ველოსიპედების გაყიდვები. მომხმარებელმა ისწავლა გარჩევა, თუ სად როგორი ტიპის ველოსიპედით გადაადგილება სჯობს“,  - აღნიშნა ბექა კიკნაველიძემ.

მისივე ვარაუდით, მომდევნო 4-5 წელში, საქართველოში 1 სულ მოსახლეზე ველოსიპედზე მოთხოვნა ისეთივე იქნება, როგორც განვითარებულ ქვეყნებშია.

„რაც შეეხება საფასო კატეგორიას, თუ ადრე ქვეყანაში ყველაზე კარგად 1000-1500 ლარის ღირებულების ველოსიპედები იყიდებოდა, დღეს ეს მაჩვენებელიც გაზრდილია და მყიდველი  უკვე 20%-30%-ით უფრო ძვირიან ველოსიპედებს ირჩევს“, - განმარტა GEORGIAN BICYCLE GROUP-ის დამფუძნებელმა.

როგორც ბექა კიკნაველიძე ამბობს, ამჟამად, GEORGIAN BICYCLE GROUP მომხმარებელს 7 წამყვანი ბრენდის 70-ზე მეტი სახეობის ველოსიპედს სთავაზობს. ყველაზე გაყიდვადი კი ამერიკული ბრენდის - 𝙎𝙥𝙚𝙘𝙞𝙖𝙡𝙞𝙯𝙚𝙙-ის ველოსიპედებია.

შეგახსენებთ, Georgian Bicycle Group 2011 წელს დაარსდა და ის იყო პირველი, რომელმაც მომხმარებელს სპეციალიზებული ველომაღაზია შესთავაზა  - პროფესიონალური, იმპორტირებული ველოსიპედების ფართო არჩევანით.

წყარო: ბიზნესპარტნიორი