თუ ადრე საქართველო ფუნქციონირებდა როგორც სატრანსფერო ცენტრი, სადაც ავტომობილები შემოდიოდა, დროებით ჩერდებოდა და დამატებითი ღირებულების შექმნის შემდეგ გადიოდა ექსპორტზე, დღეს ეს მოდელი შეიცვალა,- ამის შესახებ ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსი ნონიაძემ "კომერსანტთან" ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველო ცენტრალური  აზიისთვის უფრო გარდამავალ სატრანზიტო პუნქტად იქცა, ვიდრე ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. 

"ავტომობილების ექსპორტის მხრივ გარკვეული სახის შეფერხება იყო, რაც იმპორტისა და ექსპორტის მაჩვენებლებზეც თავისთავად აისახა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ერთადერთი იმპორტიორი ქვეყანა არ არის, საიდანაც იქ ავტომობილები შედის. მაგალითად, ყაზახეთში ავტომობილები შედის როგორც საქართველოდან, ისე დუბაიდან და ჩინეთიდან; გარდა ამისა უკვე თავადაც დაიწყეს ავტომობილების გაყვანა ამ ქვეყნებში და ჩვენ გვიყენებენ, როგორ სატრანზიტო ქვეყანას. თუ ადრე ვიყავით სატრანსფერო პუნქტი( ავტომობილი შემოდიოდა, აქ ჩერდებოდა და იქმნებოდა დამატებითი ღირებულება, რაც ეკონომიკას ზრდიდა) ახლა ვართ გარდამავალი პუნქტი, სადაც ავტომობილი შემოჰყავთ და ისევ გაჰყავთ. 

თავად ჩამოჰყავთ მანქანები, შექმნეს გასაყიდი პუნქტები და რემონტითაც თავად არემონტებენ ამ მანქანებს და ისე გაჰყავთ ცენტრალური აზიის ქვეყნებში. 

სამწუხაროდ, საქართველო ნელ-ნელა კარგავს ავტოჰაბის ფუნქციას. ჩვენ ხელისუფლებას მოვახსენეთ ეს სიტუაცია, თუმცა ერთადერთი რაც გააკეთეს იყო ყაზახი და ყირგიზი დილერების ერთჯერადი დაჯარიმება",- აღნიშნა ნონიაძემ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.