ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა ქვეყნის უზენაესი ლიდერის ოფისს გადადგომის ოფიციალური წერილით მიმართა, ინფორმაციას Iran International საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი ხელისუფლების შიგნით მზარდი დაპირისპირება და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გავლენის გაძლიერებაა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფეზეშქიანი უკმაყოფილოა იმით, რომ უსაფრთხოების და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მისი როლი შემცირდა. პრეზიდენტის გუნდის ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში რეალური ძალაუფლება სულ უფრო მეტად გადადის სამხედრო და უსაფრთხოების სტრუქტურების ხელში.
ამ ეტაპზე ირანის ხელისუფლებას პრეზიდენტის შესაძლო გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ასევე უცნობია, მიიღებს თუ არა უზენაესი ლიდერი ფეზეშქიანის განცხადებას. ირანის პოლიტიკურ სისტემაში პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია, რადგან ქვეყნის სტრატეგიულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას უზენაესი ლიდერი და მასთან დაკავშირებული ინსტიტუტები იღებენ.
ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ინფორმაცია დადასტურდება, ეს ირანის შიდა პოლიტიკური კრიზისის გამწვავებაზე მიუთითებს. ფეზეშქიანი ხელისუფლებაში შედარებით ზომიერი პოლიტიკური კურსის დაპირებით მოვიდა, თუმცა ეკონომიკური პრობლემები, საერთაშორისო ზეწოლა და კონსერვატიულ ძალებთან დაპირისპირება მისი ადმინისტრაციისთვის მთავარ გამოწვევად დარჩა.
წყარო:
• https://www.iranintl.com/en/202605312204