სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალის“ მასშტაბური რეკონსტრუქცია 2027 წელს სრულდება. ინვესტიციის მოცულობა 10 მილიონ ლარს შეადგენს. რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ, ახალი ბრენდების შემოყვანასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც „თბილისი ცენტრალის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა, „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მომავალი წლის ბოლომდე მთლიანად განახლდება სამივე ბაქანი თავისი ინფრასტრუქტურით, სადაც შეიქმნება საზოგადოებრივი სივრცე, მოსაცდელი, გამოსაცვლელი ოთახი, ბავშვთა სივრცე, კაფეტერია და ა.შ.

"სავაჭრო ცენტრ „თბილისი ცენტრალში“ მიმდინარეობს ე.წ. რკინიგზის პლატფორმების რეაბილიტაცია, საიდანაც პირველი პლატფორმა არის ჩვენი საკუთრება. დაახლოებით 5 ათასი კვ. მ-ის განახლება და რეკონსტრუქცია ხდება თავიდან ბოლომდე.

პარალელურად, საქართველოს რკინიგზა მეორე და მესამე ბაქნების რეაბილიტაციას ახორციელებს. მომავალი წლის ბოლომდე მთლიანად განახლდება სამივე ბაქანი თავისი ინფრასტრუქტურით- აქ შეიქმნება საზოგადოებრივი სივრცე, მოსაცდელი, "შემნახველი  საკნები" (შესანახი კარადა), ბავშვთა სივრცე, კაფეტერია და ა.შ. ერთ-ერთი გამორჩეული და ალამაზებული სივრცე იქნება.

დაახლოებით 10 მლნ ლარია ჩვენი მხრიდან ამ პროექტის საინვესტიციო მოცულობა. თავის მხრივ, არის რკინიგზის ინვესტიციაც, რომელიც ბაქნებს არემონტებს. თუ არ ვცდები, დაახლოებით იგივე მოცულობის ინვესტიციაა“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

როგორც "თბილისი ცენტრალის" აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, წლის ბოლომდე სავაჭრო ცენტრში ორი ახალი ობიექტი გაიხსნება.

„დღეს სავაჭრო ცენტრი 100%-ით დატვირთულია. ახალი ბრენდების შემოყვანასთან დაკავშირებით რამდენიმე მოლაპარაკება გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ დავაკონკრეტებ. მაგალითად, ჩვენთან ორი ახალი ობიექტი გაიხსნება. შესაბამისად, მეტი სიახლით შევხვდებით ახალ წელს. აღნიშნული კომპანიები ამის თაობაზე წლის ბოლომდე თავად გააკეთებენ განცხადებას“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად სავაჭრო ცენტრში დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანია დასაქმებული და 80-მდე ობიექტია განთავსებული.

რაც შეეხება გაყიდვების დინამიკას, ლევან ყარალაშვილი განმარტავს, რომ წინა წლებთან შედარებით გაყიდვები მცირედით შემცირებულია, რაც ფასების ზრდას უკავშირდება.

„წინა წლებთან შედარებით ზრდის ტემპი ცოტა შემცირებულია, მაგრამ დაახლოებით 4-5%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით საკმაოდ ნორმალური შედეგია. ზოგადად, შეიძლება ვთქვათ, რომ თვითონ ქართველი მომხმარებლის ქცევა ნაწილობრივ შეცვლილია, რადგან პირველადი მოხმარების ნივთებსა და საკვებ პროდუქტებზე ფასები საკმაოდ გაზრდილია. შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობა პირველადი მოხმარების პროდუქციას იძენს. მოგეხსენებათ, ჩვენი პროდუქცია არის უფრო საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ამ მიმართულებით ნაკლები რესურსი რჩება მომხმარებელს, რომ თანხები დახარჯოს. ალბათ, ეს ყველაფერი ის ძირითადი ფაქტორია, რის გამოც ზრდის ტემპი ისეთი არ არის, როგორიც წინა წლებში იყო“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.

ცნობისთვის, "თბილისი ცენტრალის" განახლების პროექტს „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანია“ ახორციელებს.

bp.ge