კომპანია „ბადიში“ ძირითადად ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა. როგორც „ბადიშის“ დამფუძნებელმა, გიორგი ჩხაიძემ „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, კომპანიის მოლოდინით, მომავალში ბაზარზე მოთხოვნა გაიზრდება.
„გაყიდვებში კლება არ გვაქვს, თუმცა ბიზნესმოდელი შევცვალეთ, ქსელებიდან გამოვედით და ძირითადად, ონლაინ და ადგილზე გაყიდვებზე გადავედით. აღნიშნულის შემდეგ გაყიდვები მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა უფრო ბრუნვადი გახდა. ქსელებში ყოფნისას ფული „იყინებოდა“ და ამ კუთხით გვიჭირდა. ამიტომ უფრო აქტიურები გავხდით და ველოდებით, რომ მომავალში მოთხოვნა გაიზრდება.
ამჟამად არცერთ ქსელში არ ვართ. შევქმენით ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც ონლაინ ვყიდით. გარდა ამისა, მომხმარებლები ადგილზე გვაკითხავენ. ჩვენი საწარმო გურიაში, ოზურგეთის სოფელ მელექედურში მდებარეობს. ტურისტებიც გვსტუმრობენ - ვატარებთ დეგუსტაციებსა და მასტერკლასებს და ამ მიმართულებით უფრო აქტიურად ვმუშაობთ“, - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.
მისივე თქმით, კომპანიის სამომავლო მიზანი დამატებითი სივრცის ათვისებაა, რათა მომხმარებლებმა პროდუქციის შეძენა წლის ნებისმიერ დროს შეძლონ.
„სივრცის პრობლემა გვაქვს და ცალკე შენობა გვჭირდება. დაფინანსების წყაროდ ძირითადად სესხს განვიხილავთ. დაახლოებით 50-70 ათასი ლარი გვესაჭიროება.
ექსპორტს არ განვიხილავთ, რადგან საოჯახო წარმოება ვართ და გვინდა, ხარისხი შევინარჩუნოთ. ამჟამად 17 სახეობის პროდუქტს ვაწარმოებთ. გვინდა, მომსახურება გავაუმჯობესოთ და განვავითაროთ.
წლიურად დაახლოებით 6 000 ქილა საწებელს ვაწარმოებთ, ჩურჩხელების რაოდენობა კი 3 000-მდეა. კონკურენცია ძალიან დიდია. ისეთ პროდუქტს ვაწარმოებთ, რომელსაც ბევრი ადამიანი სახლშიც ამზადებს და ბაზარზეც მრავლად იყიდება. თუმცა ჩვენი კონკურენტული უპირატესობა ხარისხია. გვყავს მომხმარებლები, რომლებიც ხარისხში ფულს იხდიან“, - განაცხადა გიორგი ჩხაიძემ.
კომპანია „ბადიში“ გურიაში მდებარე საოჯახო საწარმოა, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს. კომპანია ქართულ ტრადიციულ პროდუქტებს, მათ შორის აჯიკასა და საწებლებს აწარმოებს.