სომხეთის ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან (EAEU) გასვლის შემთხვევაში, ქვეყანაში ბუნებრივი აირის იმპორტის ღირებულება შესაძლოა 69%-ით გაიზარდოს. ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში, რომელიც რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის წარმომადგენლებმა მოამზადეს.
დოკუმენტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული აირის მოცულობა უცვლელი დარჩება, ათასი კუბური მეტრის ფასი ამჟამინდელი 177,5 დოლარიდან 300 დოლარამდე გაიზრდება.
ანგარიშის მიხედვით, გაზის იმპორტზე სომხეთის დანახარჯები წლიურად 268,5 მილიონი დოლარით მოიმატებს და 389 მილიონი დოლარიდან 657,5 მილიონ დოლარს მიაღწევს. ამასთან, დოკუმენტში განმარტებულია, რომ 300 დოლარი საორიენტაციო ფასია და გლობალურ ბაზარზე არსებული ვითარებისა და სახელშეკრულებო პირობების გათვალისწინებით, რეალური ღირებულება შესაძლოა უფრო მაღალი იყოს.
ანგარიშის ავტორების შეფასებით, ენერგომატარებლის გაძვირება გაზრდის ხარჯებს როგორც მწარმოებლებისთვის, ისე შინამეურნეობებისთვის და საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებს ინფლაციასა და ეკონომიკურ ზრდაზე. დოკუმენტი სომხეთის ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მონაწილეობის შეჩერების შესაძლო შედეგებს აფასებს იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით ნაბიჯებს დგამს.