თბილისის ახალი ზოოპარკი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ივლისში გაიხსნება. როგორც თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამჟამად ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, მათ შორის ტერიტორიების გამწვანება მიმდინარეობს.

ახალი ზოოპარკში დამთვალიერებლებს გაცილებით დიდი ვოლიერებით და განახლებული ექსპოზიციები დახვდებათ. ახალ ლოკაციაზე ჟირაფების ჩამოყვანაც იგეგმება.

„ზოოპარკის გახსნა ივლისის პირველ ნახევარში გვაქვს დაგეგმილი, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტი თარიღის დასახელება მიჭირს. პირველ ეტაპზე გაიხსნება ე.წ. კავკასიის ექსპოზიცია, რომელსაც ორმაგი დანიშნულება აქვს: ერთი მხრივ ვიზიტორებისთვის საგამოფენო სივრცეა, ხოლო მეორე მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი კონსერვატიული ფუნქცია, რაც გულისხმობს გადაშენების პირას მყოფი სახეობების დაცვასა და აღდგენას. სწორედ ეს არის ზოოპარკების ერთ-ერთი მთავარი როლი და ამ მიმართულებით თბილისის ახალი ზოოპარკი, ძველისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება.

მუნიციპალიტეტის მხრიდან მხარდაჭერა გვაქვს და მიმდინარე წლის ბიუჯეტი, საერთო ჯამში, საკმარისია. რა თქმა უნდა, მეტი დაფინანსება ყოველთვის უკეთეს შედეგს იძლევა, თუმცა არსებული რესურსი სრულად გვაძლევს საშუალებას, რომ ზოოპარკის პირველი ეტაპი გავხსნათ და პარალელურად უკვე დაწყებული პროექტები დავასრულოთ.

კავკასიის ექსპოზიციას მალევე დაემატება აფრიკის ექსპოზიციაც, რომლისთვისაც ფინანსური რესურსი ასევე უზრუნველყოფილია. შესაბამისად, მიმდინარე წელს ამ მიმართულებით სერიოზული გამოწვევები არ გვაქვს. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოსთვის ან მაქსიმუმ მომავალი წლის დასაწყისში დამატებითი ვოლიერების მშენებლობაც დასრულდება, რის შემდეგაც მაგალითად, ჟირაფების ჩამოყვანაზეც აქტიური ზრუნვაც შესაძლებელი გახდება", - განაცხადა გურიელიძემ.

რაც შეეხება ახალ ზოოპარკში შესვლის საფასურს, მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფასი განსაზღვრული არ არის.

"ტარიფებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ჩვენ დამოუკიდებლად არ ვიღებთ, ეს შეთანხმების საგანია, ამიტომ ამ ეტაპზე კონკრეტული ფასის დასახელება ვერ მოხერხდება. აქვე გეტყვით, რომ არსებული ზოოპარკი ფუნქციონირებას გააგრძელებს. იქ წარმოდგენილია სხვა სახეობები და სხვა ტიპის ექსპოზიციები, ამიტომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორი ზოოპარკი ერთმანეთის შემავსებლად იმუშავებს“, - განაცხადა გურიელიძემ.

თბილისის ზოოპარკის ახალი ადგილი თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის შემდეგ აირჩიეს. ახალი ზოოპარკის ფართობი 48 ჰექტარს შეადგენს და მისი სრულად აღჭურვა დაახლოებით $50 მილიონი დოლარის ინვესტიციას მოითხოვდა.

bm.ge