ამერიკული საინვესტიციო ბანკის, J.P. Morgan-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ჰორმუზის სრუტეში საწვავის გადაზიდვის ოპერაციები მალევე არ აღდგება, ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება $120-130-მდე გაიზრდება, შეფერხებების გრძელვადიანად შენარჩუნების შემთხვევაში კი ფასი $150-ს მიაღწევს.

მიუხედავად ამისა, ბანკი ვარაუდობს, რომ ჰორმუზის სრუტეში შეფერხება მოლაპარაკებების გზით მალე აღმოიფხვრება.

მოგეხსენებათ, 28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანში დაწყებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანის ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და სპარსეთის ყურიდან ინდოეთის ოკეანეში ნავთობტანკერებს გადაადგილება შეუზღუდა. ჰორმუზის სრუტე ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გლობალური მიწოდების 20%-ზეა პასუხისმგებელი.

ნავთობტანკერების გადაადგილების შეზღუდვამ მიწოდების დეფიციტი შექმნა, რის გამოც ერთი ბარელი ნავთობის ფასი საგრძნობლად გაიზარდა და $100-ს გადააჭარბა. ნავთობის ფასის ზრდამ ბუნებრივად გამოიწვია საწვავის ფასის გაძვირება მთელ მსოფლიოში, მათ შორის – საქართველოშიც.

უმსხვილესი ამერიკული საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, კონფლიქტის გაგრძელების პირობებში და შეფერხებების მაისამდე გაგრძელების შემთხვევაში, ერთი ბარელი ნავთობის ღირებულება $150-ს გადააჭარბებს. კონფლიქტის დასრულების ან ჰორმუზის სრუტეზე შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში კი ნავთობის ფასი კლებას 2026 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

საინტერესოა, რომ ირანის ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ახალი იდეა გააჟღერა, რომელიც ირანის მიმართ მტრულად განწყობილი, მეგობრული და ნეიტრალური სახელმწიფოების სიის შედგენას გულისხმობს. შესაბამისად, სრუტეში ვერ გაივლიან მტრულად განწყობილი სახელმწიფოების დროშის ქვეშ მცურავი ტანკერები, ნეიტრალურ სახელმწიფოებს კი სპეციალური გადასახადის გადახდა მოუწევთ. მეგობრული სახელმწიფოების სიაში შემავალი ქვეყნები სრუტეში უპრობლემოდ გაივლიან. აღნიშნული ინიციატივა ჯერჯერობით არაოფიციალურია და მისი განხორციელების პერსპექტივა საკმაოდ შორსაა.

J.P. Morgan-ის განმარტებით, ნავთობზე ფასების გრძელვადიანად ზრდა დიდ გავლენას მოახდენს ზოგად მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზე, გლობალური ეკონომიკის რეცესიასა და ინფლაციის ზრდაზეც.

წყარო: forbes.ge