სამუშაო ბაზარზე Gen Z თაობის გამოჩენამ დამსაქმებლები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა. ახალგაზრდები დღეს ცდილობენ, ისეთი სამსახურით დაკავდნენ, რომელიც მათ ცხოვრების სფეროებს შორის ბალანსის დაცვის შესაძლებლობას მისცემს. Gen Z თაობისთვის მხოლოდ მაღალი ანაზღაურება საკმარისი არ არის. ახალგაზრდები ცდილობენ, სამსახური სწავლას, პირად ცხოვრებას და განვითარებას შეუთავსონ. ამ ფაქტორების გათვალისწინებით დამსაქმებლები დღეს სხვა გამოწვევების წინაშე დგანან.
HR hub-ის დამფუძნებელი ანა ნავდარაშვილი ,,კომერსანტთან’’ საუბარში აცხადებს, რომ ახალმა თაობამ სამუშაო ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა. მათთვის ანაზღაურებასთან ერთად მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
,,ეს თაობა თანდათან უკვე მთავარ სამუშაო ძალად ხდება ორგანიზაციებისთვის. მათ აქვთ ძალიან მკაფიო მოთხოვნები სამუშაო გარემოსთან დაკავშირებით. მათ შორის არის განვითარების შესაძლებლობა. მათთვის ახალი და საინტერესო სამუშაოს შეთავაზება მნიშვნელოვანია, რომ დიდხანს დავიტოვოთ ისინი ორგანიზაციებში. Gen Z ინტერესდება ისეთი სამუშაო გარემოთი, რომელიც არის მაქსიმალურად მოქნილი, სადაც გათვალისწინებულია ბალანსი სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის. ახალი თაობა ასევე ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს სხვა ბენეფიტებს.’’- აცხადებს ანა ნავდარაშვილი.
HR hub-ის დამფუძნებელი აცხადებს, რომ დღეს სამსახურის მაძიებლები ცდილობენ ისეთ კომპანიაში იმუშაონ, სადაც ჯანსაღი გარემოა უზრუნველყოფილი. სწორედ ამიტომ, კომპანიებისთვის თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა პრიორიტეტი ხდება.
,,მნიშვნელოვანი და ტრენდულია თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. ბევრი ორგანიზაცია უკვე ცდილობს, რომ ამ მიმართულებით შესთავაზოს ტრენინგები დასაქმებულს. იწვევენ სპეციალისტებს, რადგან მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მთავარ გამოწვევად იქცა.’’- აცხადებს ანა ნავდარაშვილი.
კომპანიები ცდილობენ გადაერთონ Gen Z თაობის მოთხოვნებზე და მაქსიმალურად დააკმაყოფილონ ის. -,,სხვა გამოსავალი არ აქვთ, რადგან ერთ-ერთი მთავარი სამუშაო ძალა ხდება Gen Z’’- აცხადებს ანა ნავდარაშვილი.