საქართველოში რამდენიმე ქსელთან ვთანამშრომლობთ და მხოლოდ ერთ მათგანთან ვიხდით ე.წ. ქეშბექს, რაც მხოლოდ 2-3%-ია, - ამის შესახებ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე ვაშლის მწარმოებელი კომპანიის „ტირიფონის ხილის“ დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა განაცხადა.
„გორის მუნიციპალიტეტში მოგვყავს ვაშლი. რამდენიმე ქსელთან ვთანამშრომლობთ საქართველოში და არცერთთან არ გვქონია პრობლემა. ხოლოდ 1 ქსელთან ვიხდით „ქეშბექს“, რაც არის 2 თუ 3% მთელი რეალიზაციის და მიგვაჩნია, რომ მაინცდამაინც ცუდი არ არის.
რაც შეეხება ფასებს, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტს ვაწარმოებთ და ჩვენგან დამოუკიდებლად იცვლება ფასები, ჩვენი წარმოების პროცესისგან დამოუკიდებლად ბაზარი განაპირობებს ფასებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენი პროდუქციის წარმოების თვითღირებულება თითქმის არ შეცვლილა და საშუალო გასაყიდი ფასიც პრაქტიკულად, არ გაზრდილა,“ - განაცხადა გოჯიაშვილმა.
დღევანდელ სხდომაზე, კომისიის წევრები, ხილის, ბოსტნეულის, წვენების და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების შესახებ მსჯელობენ.