წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის კონსულტანტი თინათინ ტურძილაძის განმარტებით, სააფთიაქო სექტორი პაციენტზე ზრუნვიდან სრულად გადაერთო პროდუქტის გაყიდვაზე, რის გამოც აფთიაქებმა ფუნქცია დაკარგეს და მაღაზიებად იქცნენ.
ტურძილაძის თქმით, ქვეყანაში არსებული ათასობით ობიექტიდან რეალური აფთიაქის ფუნქციას მხოლოდ 200-მდე აკმაყოფილებს, დანარჩენები კი დაურეგულირებელ გარემოში, მხოლოდ შეტყობინების საფუძველზე მუშაობენ.
თინათინ ტურძილაძე პრობლემის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად დიდ ჰოლდინგურ სისტემებსა და ქსელურ აფთიაქებს ასახელებს. მისი თქმით, ევროპული პრაქტიკით, ერთი ქსელი მაქსიმუმ 4-დან 10-მდე აფთიაქს აერთიანებს.
განსაკუთრებული ყურადღება ექსპერტმა კადრების კვალიფიკაციაზე გაამახვილა. მისი თქმით, ბაზარზე პროფესიონალი ფარმაცევტების დეფიციტია.
“თუ ადრე აფთიაქები იყვნენ ორიენტირებული პაციენტზე, დღეს აფთიაქები ორიენტირებულები არიან უფრო მეტად პროდუქტზე. ქართულ სივრცეში გვაქვს დაახლოებით 200-მდე აფთიაქი, ყველა დანარჩენი რაც არის, ეს არის პრაქტიკულად მაღაზიები და ეს არ არის აფთიაქები. ანუ მათი საქმიანობა არ არის რეგულირებული, მუშაობენ შეტყობინების რეჟიმში. ეს აფთიაქები გარდა ამისა არიან აბსოლუტურად ჰოლდინგურ სისტემაში მოქცეული, რასაც ალბათ გულისხმობდა პრემიერი, მაგრამ როგორც წესი ევროპის ქვეყნებში მართლაც არ არის ასეთი ქსელური აფთიაქები დაშვებული. იქ არის ქსელები მაქსიმუმ ოთხი, მაქსიმუმ 10 აფთიაქით და მეტი არა, არა ისე როგორც ქართულ რეალობაშია. ეს ჰოლდინგური ბიზნესი ბევრ პრობლემას ქმნის. მართალია სერვისის თვალსაზრისით ჩვენ ძალიან მაღალი ხარისხის სერვისები გვაქვს - გინდაც ონლაინ სერვისები, გინდ სააფთიაქო მომსახურება ვიზუალურად, ესთეტიკურად ეს ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში მას აკლია მეორე მხარე - ეს არის ფარმაცევტული ზრუნვა, ფარმაკეარს (Pharmacare) რასაც ვუწოდებთ და ეს არის პაციენტზე ორიენტირება.
არანაირი მედიკამენტის რაციონალური გაცემა, არანაირი ამდაგვარი კომპონენტები აფთიაქს არ აქვს. ფარმაცევტული რეგულირების მიზანი არის, რომ აფთიაქი უნდა იყოს აფთიაქი და არა მაღაზია. ჯერ ერთი აფთიაქში ჩვენთან მუშაობს სპეციალისტების ძალიან მცირე ნაწილი, იმიტომ რომ ჩვენ ამდენი ფარმაცევტი არ გვყავს საქართველოში. იქ ძირითადად მუშაობენ სამთვიანი კურსგავლილი ადამიანები, რომლებსაც წარმოდგენა არა აქვთ არც ფარმაკოკინეტიკაზე, არც ფარმაკოდინამიკაზე, არაფერზე არა აქვთ წარმოდგენა და აქედან გამომდინარე მათგან რაიმე სერიოზული მონიტორინგი, იგივე გვერდითი რეაქციების კონსულტაციებზე და ასე შემდეგ, არ შეიძლება მიიღოს პაციენტმა. ამიტომ რისკები ძალიან ბევრი გვაქვს.”-ამბობს წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის კონსულტანტი თინათინ ტურძილაძე.