გარდა იმისა, რომ 2025 წლის დასაწყისში ციტრუსის ბაღებს პრობლემები დიდთოვლობამ შეუქმნა, უკვე წლის ბოლოს მთავარ გამოწვევად უხარისხო მოსავალი იქცა.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილმა განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ციტრუსის მიმართულებას მნიშვნელოვნად ასუბსიდირებს, პრობლემები მაინც სერიოზულია, მათ შორის, გადაბერებული პლანტაციები.
„არასტანდარტულ მანდარინზე ფასი ძალიან დაბალია. განსაკუთრებით გაზრდილია მუშახელის ხარჯები, რის გამოც, სუბსიდირების ფონზეც კი, არასტანდარტული მანდარინის მოკრეფაზე ფერმერები ორჭოფობენ. არასტანდარტულის ფასი 40 თეთრია, მკრეფავის ანაზღაურება კი დღის მანძილზე 60-70 ლარი და რამდენი უნდა მოიკრიფოს, რომ ფერმერმა ხარჯი დაფაროს.
რამდენადაც ცნობილია, ციტრუსი რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული. იქაური ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, ფასის აწევაზე საუბარი არ არის. ამასთან, პლანტაციები უკვე გადაბერებულია და ეს ყველაფერი გვაძლევს იმას, რომ თვითღირებულება საკმაოდ მაღალი გამოდის“, - აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.
გადაბერებული ბაღების გარდა, პრობლემის მიზეზად რატი კოჭლამაზაშვილი მცირე მიწიანობასაც ასახელებს. მისი განმარტებით, უაღრესად მნიშვნელოვანია ამ ორი კომპონენტის გამოსწორება, სხვა მხრივ, დადებითი შედეგის მიღება რთული იქნება.
„ბოლო წლებში ახალი პლანტაციები ძალიან მცირე რაოდენობით გაშენდა. არსებული კი სულ უფრო ხნიერი ხდება და არასტანდარტულ ნაყოფსაც სულ უფრო მეტს ისხამს. სამწუხაროდ, წლიდან წლამდე ამ მიმართულებაში დადებითი ტენდენციები არ შეინიშნება“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.