2025 წელს, ხელოვნური ინტელექტის ბუმის გავლენით, რამაც კომპანიების მხრიდან მოთხოვნის მკვეთრ ზრდას შეუწყო ხელი, Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგს 50-ზე მეტი მილიარდერი შეემატა. შედეგად, მიმდინარე წელს, მეწარმეებისთვის, რომლებიც ქმნიდნენ მოდელებს, ინფრასტრუქტურასა და აპლიკაციებს, AI სიმდიდრის უმსხვილესი გენერატორი იყო.

წლის დასაწყისში ბაზარზე შედარებით უცნობი, ჩინური სტარტაპი Deepseek-ი გამოჩნდა, რომელმაც, როგორც თავდაპირველად იყო ნათქვამი, მოკლე ვადაში, კონკურენტებთან შედარებით ბევრად ნაკლები თანხით და ნაკლებად ძლიერი ჩიპის გამოყენებით AI-ასისტენტი წარადგინა. DeepSeek-ის მიერ თავისი პროდუქტის საჯარო გაშვებამ საფონდო ბირჟაზე მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია. მათ შორის, მთავარი დარტყმა ნახევარგამტარების უმსხვილესმა მწარმოებელმა Nvidia-მ მიიღო. 27 იანვარს, სავაჭრო დღის დასასრულს, საფონდო ბირჟებზე მისი აქციების ღირებულება 17%-ით დავარდა და შედეგად, საბაზრო კაპიტალიზაცია რეკორდული $600 მილიარდით შემცირდა.

აპლიკაციის საჯაროდ გაშვებიდან ორ კვირაში, AI-ასისტენტმა შეერთებულ შტატებში iOS-ის App Store-ზე ყველაზე ხშირად გადმოწერილი უფასო აპლიკაციების სიაში პირველი ადგილი დაიკავა და ChatGPT-ს გადაუსწრო. შედეგად, კომპანიის დამფუძნებელი ლიანგ ვენფენგი Forbes-ის უმდირეს ადამიანთა შორის აღმოჩნდა და ამჟამად მისი ქონება დაახლოებით $11.5 მილიარდს შეადგენს.

წლის პირველ ნახევარშივე, ხელოვნური ინტელექტის მოდელის, Claude-ის შემქმნელმა Anthropic-მა კერძო დაფინანსების რაუნდში $3.5 მილიარდი მოიზიდა და $61.5-მილიარდიან შეფასებას მიაღწია. მხოლოდ წელს კომპანიამ ინვესტორებისგან $16.5 მილიარდი მოიზიდა და სექტემბერში მისი შეფასება $183 მილიარდამდე გაიზარდა. Claude-ის მსგავსად, 2025 წელს, AI-კომპანიების მსხვილი დაფინანსების რაუნდები იშვიათობას არ წარმოადგენდა. საერთო ჯამში, ინვესტორებმა AI-სექტორში წელს $200 მილიარდზე მეტი დააბანდეს, ხოლო AI-სტარტაპებმა გლობალური დაფინანსების 50% მოიპოვეს – Crunchbase-ის მონაცემებით, ეს 2024 წელთან შედარებით 16%-ით მეტია.

თუმცა დაფინანსებების გარდა, მაღალი იყო კომპანიების მხრიდან ხარჯვის მასშტაბი. მათ შორის იანვარში, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, OpenAI-ის, SoftBank-ისა და Oracle-ის $500 მილიარდის ინვესტირება დააანონსა, მონაცემთა ცენტრის ახალი პროექტის, Stargate-ის დაფინანსებაზე. ამ განცხადებას კი Meta-ს, Alphabet-ისა და Microsoft-ის მიერ ინვესტირებების სწრაფი ზრდა მოჰყვა, რომელთაც მხოლოდ წელს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის მშენებლობაში $65 მილიარდზე მეტი ჩადეს.

მონაცემთა ცენტრებზე მაღალი მოთხოვნის წყალობით, AI-ინფრასტრუქტურის სხვადასხვა კომპანიამ წელს ათზე მეტი ახალი მილიარდერი შექმნა, მათ შორის ნახევარგამტარული ქსელების ფირმა Astera Labs-ის, მონაცემთა ცენტრების უძრავი ქონების ფირმა Fermi-ის, კორეული ჩიპების მწარმოებელი ISU Petasys-ის, კორეული ელექტროტრანსფორმატორების მწარმოებელი Sanil Electric-ის და ღრუბლოვანი ტექნოლოგიების პროვაიდერი CoreWeave-ის თანადამფუძნებლები.

ივნისში Meta-მ მონაცემთა მარკირების სტარტაპ Scale AI-ის 49%-იანი წილი $14 მილიარდზე მეტად შეიძინა. გარიგების ფარგლებში, სტარტაპის 28 წლის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი ალექსანდრ ვანგი, რომელიც პირველად მილიარდერი 2022 წელს Scale-ში თავისი წილის წყალობით გახდა, Meta-ს AI-მიმართულების ხელმძღვანელის პოსტზე შეუერთდა. შეთანხმების საფუძველზე, Scale AI დაახლოებით $29 მილიარდად შეფასდა, რის შედეგადაც კომპანიის კიდევ ერთი თანადამფუძნებელი, ლუსი კუო, $1.4 მილიარდით, ახლა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა, თვითშემდგარი მილიარდერი ქალია.

ამასთან ერთად, მიმდინარე წელს, მილიარდერთა რიგებს შეუერთდნენ ხელოვნური ინტელექტის აუდიოგენერაციის სტარტაპ ElevenLabs-ის თანადამფუძნებლები, მატი სტანიშევსკი და პიოტრ დაბკოვსკი. ეს კი მას შემდეგ, რაც მათმა სტარტაპმა ოქტომბერში $100-მილიონიან დაფინანსების რაუნდში, $6.6 მილიარდის შეფასებას მიაღწია.

საინტერესოა ისიც, რომ Gallup Workplace-ის კვლევის თანახმად, სამუშაო ადგილზე ხელოვნური ინტელექტის ყოველკვირეული გამოყენება 2023 წლის 11%-დან წელს 23%-მდეა გაზრდილი. AI-ის გამოყენების სიხშირე განსაკუთრებით მაღალია დეველოპერებს შორის – მათ შორის, Microsoft-ის CEO-ს სატია ნადელას განცხადებით, (რომელიც ასევე ახალბედა მილიარდერია AI-ის წყალობით) წელს კომპანიის მიერ გაშვებული კოდების 30%-მდე AI-ის მიერ იყო გენერირებული. ამან, ხელოვნური ინტელექტის კოდირების ინსტრუმენტ Cursor-ის შემქმნელი ფირმა Anysphere-ის ოთხი დამფუძნებელი მილიარდერებად აქცია. ხოლო თავად ფირმამ, ნოემბერში, $29-მილიარდიან შეფასებას მიაღწია.

ვრცლად forbes.ge – ზე