ღვინის ადგილობრივი ბაზრის უკეთ შესასწავლად, „თიბისი კაპიტალმა“ კვლევის ფარგლებში გამოკითხა 16 ღვინის კომპანია, რომლებიც საერთო ბაზრის ბრუნვის დაახლოებით ნახევარს მოიცავს.

„მათ ჯამურ მონაცემებზე დაყრდნობით 2024 წელს შიდა ბაზარზე ღვინის რეალიზაცია დაახლოებით 7.3 მილიონ ბოთლს გაუტოლდა. გაყიდვები მკვეთრად ფასზე ორიენტირებული რჩება: მოცულობების 98-99% 30 ლარამდე ფასის კატეგორიაში ვარდება.

მოხმარების სტრუქტურაში დომინირებს წითელი და თეთრი ღვინოები, ხოლო როზე კვლავ მეორეხარისხოვან როლს ინარჩუნებს. გაყიდვების ძირითადი არხები სუპერმარკეტებია, რასაც HoReCa სექტორი მოჰყვება“, - წერია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში. 

გარდა ამისა, როგორც კვლევიდან ირკვევა, ცქრიალა ღვინის სეგმენტში 2024 წლიდან საშუალო ფასების შემცირება ფიქსირდება, რაც კონკურენციის გაძლიერებასა და პრემიუმ სეგმენტის სუსტ განვითარებაზე მიუთითებს. გაყიდვები ძირითადად ხდება პირდაპირ და HoReCa არხებში.