WHO-ს ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, საქართველოში ბავშვთა კვების ბიზნესში არსებული არც ერთი საერთაშორისო სტანდარტი სავალდებულო და კანონმდებლობით გაწერილი არ არის.
საქმე ეხება ISO 22000, EU Commission Regulation (EU) No 2016/127 და WHO/UNICEF Recommendations-ს რომლის არარსებობაც ბავშვთა კვების ხარისხის რეგულირებას აფერხებს.
„სავალდებულო სტანდარტები და რეკომენდაციები ბავშვთა კვების პროდუქციისთვის შემდეგია: ISO 22000 – საერთაშორისო სტანდარტი საკვები პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სისტემებისთვის, HACCP (Hazard Analysis and Critical Control Points) – სურსათის უვნებლობის სისტემის ძირითადი სტანდარტი, რომელიც აიდენტიფიცირებს და მართავს რისკებს პროდუქტის დამზადების ყველა ეტაპზე, Codex Alimentarius (FAO/WHO) – ბავშვის ფორმულების სპეციფიკაციები დამტკიცებულია კოდექსის საფუძველზე და უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო მოთხოვნებს, EU Commission Regulation (EU) No 2016/127 – ევროპის კავშირის რეგულაცია სპეციალურად ბავშვთა ფორმულებისთვის, FDA (US Food and Drug Administration) – რეგულირებს ამერიკაში გაყიდვად ფორმულებს.
საქართველოში არცერთი ზემოაღნიშნული სტანდარტი სავალდებულოდ კანონით გაწერილი არ არის, რაც ქმნის რეგულირების ხარვეზებს და საჭიროებს კანონმდებლობის გამკაცრებას“,- აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.
რაც შეეხება ფასებს, „კომერსანტის“ მიერ გასულ თვეს გამოქვეყნებულ მასალაში ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 12- თვემდე ბავშვების კვებაზე ფასდაკლებებს კრძალავს. ფხაკაძე ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, მისი თქმით, ეს „სიტყვიერი მანიპულაციაა". WHO-ის რეზოლუციები მხოლოდ რეკომენდაციებია, რომლის მიზანიც ძუძუთი კვების კომერციული ზეგავლენისგან დაცვაა.
„WHO-ს კოდი არ არის აკრძალვა – ის წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩარჩოს დედის რძის შემცვლელი პროდუქტების მარკეტინგის საერთაშორისო კოდექსი, რომელიც 1981 წელს მიიღო მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეამ და რომელიც არაერთხელ განმტკიცდა WHO-ის რეზოლუციებით, ეს არის რეკომენდაციული ჩარჩო, რომლის მიზანია ძუძუთი კვების დაცვა კომერციული ზეგავლენისგან. კოდი პირდაპირ არ კრძალავს ფასდაკლებებს კანონით, მაგრამ მკაცრად ეწინააღმდეგება ყველა სახის მარკეტინგულ პრაქტიკას, რომელიც ხელს უწყობს დედის რძის შემცვლელი პროდუქტების გაყიდვას და შესაბამისად - ძუძუთი კვების შემცირებას. მუხლი 5.3 აღნიშნავს: “არ უნდა არსებობდეს საჯარო შეთავაზებები, ნიმუშების დარიგება ან სხვა მარკეტინგული საშუალება, რომელიც ხელს უწყობს პროდუქტის გაყიდვის სტიმულირებას.” აქ შედის: ფასდაკლებები , საყიდლების წახალისება, საჩუქრები ან ბონუსები, ვიტრინებზე და ვებსაიტებზე პროდუქტის გამორჩეული გამოჩენა ამიტომ, ფასდაკლება, რომელიც მოტივაციას აძლევს მშობელს გადაერთოს ფორმულაზე, არის კოდის დარღვევა. WHO ამას არ “კრძალავს” სამართლებრივად, მაგრამ მკაცრად გმობს როგორც ჯანდაცვის საფრთხეს.
WHO-ს 2022 წლის გლობალურმა მონიტორინგმა ცხადად აჩვენა, რომ შეღავათიანი ფასების “არაპირდაპირი” გამოყენება განსაკუთრებით გავრცელებულია იმ ქვეყნებში, სადაც არ არსებობს ძლიერი რეგულაცია — მათ შორის საქართველოშიც. საქართველოში კი მსგავსი განცხადებები, თითქოს „WHO გვავალდებულებს“ ფასდაკლებების შეზღუდვაზე, არის შეცდომაში შეყვანა ან პასუხისმგებლობის გადატანა კერძო ბიზნესის მხრიდან“,- აღნიშნა პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.