საქართველოს საფონდო ბირჟის ჯგუფმა (GSE Group) ინსტიტუციური ინვესტორების საბჭოს (Institutional Investors Council – IIC) შექმნის ინიციატივა წარადგინა. ინიციატივის პრეზენტაციამ გააერთიანა კაპიტალის ბაზრის ძირითადი მონაწილეები, მათ შორის აქტივების მმართველების, საინვესტიციო ბანკების, საპენსიო სქემების, სადაზღვევო კომპანიების, საბანკო სექტორისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, რომლებიც მომავალში საბჭოს საქმიანობის ფარგლებში ერთიანი ხედვისა და განვითარების პრიორიტეტების ჩამოყალიბებაზე იმუშავებენ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები.
ინიციატივის მიზანია საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის ინსტიტუციური ინვესტორების თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრის მონაწილეებს შორის კოორდინაციის გაძლიერებას, განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ბაზრის მოცულობისა და ლიკვიდობის ზრდას, ინვესტორთა ნდობის განმტკიცებასა და ინსტიტუციური ინვესტორების აქტიური ჩართულობის გაძლიერებას.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს საფონდო ბირჟის ჯგუფმა მონაწილეებს წარუდგინა კაპიტალის ბაზრის განვითარების ხედვა და ის სისტემური გამოწვევები, რომლებიც დღეს საქართველოს ბაზრის ზრდას აფერხებს. დისკუსია შეეხო ინსტიტუციური კაპიტალის როლს ბაზრის სიღრმისა და ლიკვიდობის ზრდაში, ახალი ფინანსური ინსტრუმენტების განვითარების ხელშეწყობას, საერთაშორისო გამოცდილებასა და იმ პრაქტიკებს, რომლებმაც სხვადასხვა ქვეყნის კაპიტალის ბაზრების ტრანსფორმაციაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

ინიციატივის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ინსტიტუციური ინვესტორების საბჭოს ფუნქციებზე, მათ შორის ბაზრის განვითარების საკითხების ადვოკატირებაზე, ეროვნულ ბანკთან, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან ეფექტიანი დიალოგის გაძლიერებაზე, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და ახალი საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობაზე.
საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორის, გიორგი ამზაშვილის განცხადებით, ინსტიტუციური ინვესტორების საბჭოს შექმნა კაპიტალის ბაზრის განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია და მისი მიზანი ბაზრის ძირითადი მონაწილეების გაერთიანება, თანამშრომლობის გაძლიერება და სექტორის გრძელვადიანი განვითარების ხელშეწყობაა.
„საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის აუცილებელია ინსტიტუციური ინვესტორების უფრო აქტიური ჩართულობა და კოორდინირებული თანამშრომლობა. ინსტიტუციური ინვესტორების საბჭოს შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ეკოსისტემის ფორმირებისკენ, რომელიც ხელს შეუწყობს ბაზრის მოცულობისა და ლიკვიდობის ზრდას, ინვესტორთა ნდობის გაძლიერებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას როგორც ემიტენტებისთვის, ისე ინვესტორებისთვის. ჩვენი მიზანია შევქმნათ პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ბაზრის ძირითად მოთამაშეებს საერთო ინტერესებისა და გრძელვადიანი განვითარების ხედვის გარშემო“, – ამბობს გიორგი ამზაშვილი.
ინიციატივის მომდევნო ეტაპი მოიცავს კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშემშლელი ფაქტორების დეტალურ ანალიზს, საბჭოს წევრებს შორის სტრატეგიული პრიორიტეტების შეთანხმებას, სამუშაო ჯგუფების ფორმირებასა და კონკრეტული ინიციატივების შემუშავებას, რომლებიც საქართველოს კაპიტალის ბაზრის გაძლიერებასა და საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს.
საქართველოს საფონდო ბირჟის ჯგუფის შესახებ
საქართველოს საფონდო ბირჟის ჯგუფი ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუციაა, რომლის მიზანია გამჭვირვალე, ეფექტიანი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი საბაზრო ინფრასტრუქტურის განვითარება. ჯგუფი აქტიურად მუშაობს ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის გაღრმავებაზე, საინვესტიციო შესაძლებლობების გაფართოებასა და საქართველოს ფინანსური სექტორის მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე.