საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) თემატური შეხვედრა გაიმართა, რომელიც კერძო საპენსიო სქემების დანერგვასა და ბიზნესისთვის მის პრაქტიკულ მნიშვნელობას დაეთმო. ღონისძიების ფარგლებში, წამყვანმა ექსპერტებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა განიხილეს კერძო საპენსიო მოდელების გავლენა როგორც ცალკეულ კომპანიებზე, ისე ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი დაეთმო „საქაერონავიგაციის“ გამოცდილების გაზიარებას. კომპანიამ, როგორც კერძო საპენსიო სქემის დანერგვის პიონერმა საქართველოში, დეტალურად ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც სქემის დაფუძნებიდან დღემდე გაიარა. ფინანსურმა დირექტორმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ის გამოწვევები და შედეგები გააცნო, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა და ხაზი გაუსვა, რომ მსგავსი სქემის არსებობა კომპანიის სტრატეგიული განვითარების სწორი ნაბიჯი იყო.
დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ სქემის აქტივების მმართველი კომპანიები TBC Asset Management, BOG Asset Management და Foresight Investment Group. მათ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ქმნის საპენსიო სქემაში მონაწილეობა კონკურენტულ უპირატესობას შრომით ბაზარზე, განსაკუთრებით კვალიფიციური კადრების მოზიდვისა და თანამშრომელთა ლოიალობის ამაღლების კუთხით.
ასევე, შეხვედრას ესწრებოდა „საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის“ დირექტორი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სისტემის გამართულ ფუნქციონირებასა და ტექნიკურ-ადმინისტრაციულ ასპექტებზე.
ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც ასოციაციის წევრმა კომპანიებმა მიიღეს პრაქტიკული რეკომენდაციები კერძო საპენსიო სქემების დანერგვის პროცედურებისა და მოსალოდნელი სარგებლის შესახებ.
„დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო საპენსიო სქემები აღარ არის მხოლოდ შორეული პერსპექტივა, ეს არის თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი. ჩვენი მიზანია, წევრ კომპანიებს ვაჩვენოთ, რომ თანამშრომლების გრძელვადიან კეთილდღეობაზე ზრუნვა პირდაპირ აისახება ბიზნესის მდგრადობაზე. „საქაერონავიგაციის“ მაგალითმა გვაჩვენა, რომ მიუხედავად საწყისი გამოწვევებისა, ეს მოდელი წარმატებით მუშაობს და ქმნის მნიშვნელოვან კონკურენტულ უპირატესობას ნიჭიერი კადრების შენარჩუნების პროცესში. ჩვენ, როგორც ასოციაცია, ვაგრძელებთ ამ მიმართულებით დიალოგის ხელშეწყობას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო საპენსიო სისტემა ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი საყრდენია“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.