დღეისთვის საქართველოში 400-450 ათასი მეწველი მსხვილფეხა საქონელია. წელიწადში ერთი სული დაახლოებით 1.5-1.7 ტონა რძეს იძლევა, რაც როგორც რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი კახა კონიაშვილი რადიო „კომერსანტის“ ეთერში აცხადებს, კატასტროფულად დაბალი მაჩვენებელია.
კახა კონიაშვილს ისრაელის მაგალითი მოჰყავს, სადაც 125-130 ათასი მეწველი საქონელი ჰყავთ და ასეთი მაჩვენებლებით, ქვეყანა ახერხებს, დააკმაყოფილოს არა მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილება, არამედ რძის პროდუქტების ექსპორტი განახორციელოს.
„თუ გვინდა, ქვეყანაში შევქმნათ ტენდენცია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს იმპორტი, რძის ფხვნილი იქნება, ნაღები და თუ რძის სხვა პროდუქტები, სექტორში რადიკალური რეფორმები გვჭირდება. თუ შევძლებთ და ერთი მეწველი საქონლისგან წელიწადში 6-7 ტონა რძეს მივიღებთ, წარმოება დაახლოებით 3-4-ჯერ გაიზრდება, რაც საშუალებას მოგვცემს, არა მხოლოდ საკუთარი თავი დავაკმაყოფილოთ, არამედ იმაზეც ვიფიქროთ, პროდუქტი ექსპორტზეც გავიტანოთ“, - განმარტავს კახა კონიაშვილი.
ასოციაციის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სექტორს აუცილებლად სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო აქტიური და ქმედითი დახმარება.
„სახელმწიფომ შორს გამიზნული სტრატეგია უნდა განსაზღვროს, რეფორმებია აუცილებელი, რაც სასურველ შედეგებამდე მიგვიყვანს. გვქონდა შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დავიგეგმეთ, რომ უახლოეს ხანში შედგება მუდმივ მოქმედი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ამაზე იმუშავებს. უწყება ძალიან მონდომებული და მოწადინებულია, ყველა მიმართულებით რადიკალური ნაბიჯები გადაიდგას და რეფორმები განხორციელდეს. ამიტომ იმედიანად ვართ განწყობილი. ცალკე აღებულ ფერმერს, გადამამუშავებელს, არ აქვს რესურსი, გამოწვევებს მხარდაჭერის გარეშე გაუმკლავდეს. ახლაც არის კონკრეტული პროექტები, თუმცა ეს საკმარისი არ არის და უფრო მეტია საჭირო“, - აცხადებს კახა კონიაშვილი.