სექტორი დასტაბილურებულია. ჭარბი მიწოდების კუთხით არის გარკვეული რისკები, თუმცა მე არ ვთვლი, რომ ეს რთულად გადასალახი გამოწვევებია, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "იელთი ჯგუფის" კომერციულმა დირექტორმა ვალერი გურგენიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისი თქმით, სექტორი მოთხოვნებს ერგება, რისკებს აანალიზებს და ცდილობს მომხმარებლებს მაქსიმალურად საინვესტიციო პირობებზე მორგებული პროდუქტი შესთავაზოს.
"ჭარბი მიწოდების რისკი ყოველთვის არსებობს, როდესაც ბაზარი მაღალი ტემპით ვითარდება. რაც შეეხება ცალკე მდგომ რისკებს - ეს არის კონკრეტული კომპანიების და პერსონალის პირადი პასუხისმგებლობა, რომ არ უნდა გაიცეს ზედმეტად არარეალისტური დაპირებები. მაქსიმალურად ვცდილობთ გამართლებული წინადადებები შევთავაზოთ მომხმარებლებს. ჩვენი მომხმარებლების დიდი წილი არარეზიდენტია და მათთან განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით ამ საკითხს.
მოთხოვნის კუთხით შედარებით დივერსიფიცირებულია ბაზარი. ბათუმში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საინვესტიციო პროდუქტს, თუმცა თბილისშიც ძალიან მოიმატა მოთხოვნა აღნიშნულზე. ყოველთვის ვცდილობთ მოთხოვნის შესაბამისი პროდუქტი შევქმნათ.
კომპანიები სწორად გეგმავენ, რაც წარმატების დიდ შანსს იძლევა. დღეს ბაზარზე იმდენად ბევრი კომპანიაა, რომ ყველას მაგივრად საუბარი გამიჭირდება, თუმცა გამსხვილების კუთხით არის ტენდენცია. მომდევნო 5-წლიან პერიოდში ვთვლი, რომ ბაზარზე ნაკლები წვრილი მოთამაშე დარჩება, რაც რისკებს ავტომატურად შეამცირებს", - აცხადებს ვალერი გურგენიძე.