რევოლუციის გზით წასვლას, გვირჩევნია ევოლუციის გზით წავიდეთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ იმ მიზნამდე, რაც უზრუნველყოფს დარგის მომავალ მდგრად განვითარებას, - ასე ეხმიანება ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ყურძნის ხარისხების მიხედვით ჩაბარებისა და ვენახების შეთანხმების საკითხებს.

როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ლევან მეხუზლა აღნიშნავს, მევენახეს უნდა ესმოდეს, რომ სწორედ ყურძნის ხარისხზეა დამოკიდებული ქართული ღვინის წარმატება საერთაშორისო ბაზრებზე. ამასთან ერთად, იმასაც დასძენს, რომ რადგან სახელმწიფო არ ტოვებს ჩაუბარებელ ყურძენს, ეს არ ნიშნავს, ვინც უხარისხო ყურძენს მოიყვანს, ხარისხიანის ფასით შეძლებს ჩაბარებას.

„სახელმწიფო ზრუნავს ფერმერზე და ფერმერმაც უნდა გაითავისოს, რომ მის შრომასა და პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული ამ დარგის მომავალი. შესაბამისად, აქედან არის გამომდინარე ის, რაც პირველად შარშან მოხდა - სახელმწიფოს მხრიდან 2 სხვადასხვა ფასით ჩაბარება. წელს ეს მიმართულება კიდევ უფრო გაიშლება და 3 სხვადასხვა კატეგორია იქნება, ესეც შარშანდელმა შედეგებმა დაგვანახა. კერძოდ, 17%-ზე ქვემოთ შაქრიანობის ყურძენი ჩაითვლება ცალსახად უვარგისად და მისი ფასი იქნება ძალიან დაბალი - 30 თეთრი, 17-20% იქნება ის შუალედი, რომელიც შედარებით დაბალხარისხიან ყურძნად ჩაითვლება და 80 თეთრი იქნება, ხოლო 20%-ს ზემოთ ჩაბარდება 1.30 ლარად. ეს ეხება ყველა ყურძენს საფერავის გარდა. საფერავს რაც შეეხება, ხარისხიანის ღირებულება იქნება 1.50 ლარი და ზემოთ, ხოლო შედარებით დაბალი 1-1.50 ლარი“, - განმარტავს ლევან მეხუზლა.

აპირებს თუ არა სახელმწიფო ღვინის წარმოებას, ლევან მეხუზლა განმარტავს, რომ შეძენილი ყურძნისგან მოხდება მხოლოდ და მხოლოდ სპირტის გამოხდა, რომელიც შემდეგ აუქციონის წესით გაიყიდება.

„ჭარბი ხარისხიანი ყურძნის ჩაბარების შემთხვევაშიც საუბარია მხოლოდ სპირტის გამოხდაზე. ყოფილა პრეცედენტი, როცა რაჭაში ჭარბი ყურძნის შესყიდვის შემდეგ, სახელმწიფომ ექსპერიმენტის სახით ხვანჭკარა დაამზადა და აუქციონზე გაიტანა, მაგრამ სამწუხაროდ, ამან ეფექტი არ მოიტანა. შარშანაც რაჭაში სახელმწიფომ ჭარბი ყურძენი შეისყიდა, თუმცა მხოლოდ სპირტი გამოხადა. ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ 2026 წლის რთველშიც“, - ამბობს ლევან მეხუზლა.

რაც შეეხება ახალი ვენახის გაშენების შეთანხმების საკითხს, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე აცხადებს, რომ მსგავსი პრაქტიკაა როგორც ევროპაში, ისე ამერიკასა და ბევრ სხვა ქვეყანაში.

„რაც მთავარია, საუბარია შეთანხმებაზე და არავითარ შემთხვევაში - აკრძალვაზე. პირველ რიგში, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ არ მოხდეს ვენახების სპოტნანური, არასწორი გაშენება და ფერმერმა არ იზარალოს. გვქონია შემთხვევები, როცა ვენახს აშენებენ არასწორ ნიადაგზე არასწორი ტექნოლოგიით, რასაც უდიდესი ზარალი მოაქვს თავად ფერმერისთვის“, - აცხადებს ლევან მეხუზლა.