სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგის" დირექტორის განცხადებით, სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილებაზე შეზღუდვების შემოღებამ კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაუზარდა.

ამის შესახებ ვახტანგ საძაგლიშვილმა პარლამენტში შექმნილი ფასების კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაბარიტული მანქანების დილის და საღამოს საათებში აკრძალვის გამო კომპანიებს ახალი მანქანების ყიდვა და კადრების აყვანა მოუწიათ.

“მას შემდეგ, რაც თბილისში აიკრძალა სადისტრიბუციო მანქანების გადაადგილება დილის 8-დან 11 საათამდე და საღამოს 5-დან 8 საათამდე, ამან ჩვენი საოპერაციო ხარჯი გაზარდა დაახლოებით 0.7-0.8%-ით. მოგვიწია დამატებითი მანქანების შეძენა, ხალხის 50%-ით გაზრდა. ასევე მოგვიწია ღამის ცვლის დამატება, ანუ ახლა გვყავს დღის და ღამის ცვლაც

ჩვენ სწრაფად ბრუნვად მაღაზიებში პროდუქტი მიგვაქვს კვირაში ორჯერ, საშუალო მაღაზიებში მიგვაქვს კვირაში ერთხელ და ისეთ მაღაზიებში, სადაც ბრუნვა საშუალო სტატისტიკურზე დაბალია, იქ მივდივართ ორ კვირაში ერთხელ.

არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ დღისით და არიან ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ღამით. ამიტომ მოგვიწია კადრების დამატება. ადრე სამუშაო დღე იყო შემდეგი: დილას მოდიოდა ადამიანი 8 საათზე, 8 საათზე გადიოდა საწყობიდან სამუშაოდ, შუაში ჰქონდა ერთსაათიანი-ორსაათიანი შესვენება და ის ბრუნდებოდა 6 საათზე. შრომის კანონმდებლობას არ ვარღვევდით და სრულად ვიყენებდით ამ ადამიანის სამუშაო დროს. ახლა ეს ადამიანი მოდის არა 8 საათზე, არამედ 11 საათზე. 11 საათზე გადის სამუშაოდ და 4 საათზე გამორბის უკვე, რომ მოასწროს სანამ 5 საათი ჩამოკრავს, რომ შემოსული იყოს ტერიტორიაზე. ანუ დღეს რეალურად ის მუშაობს 5 საათს, როცა მუშაობდა 9 საათს”, - განაცხადა ვახტანგ საძაგლიშვილმა.

bm.ge