თბილისის ცენტრში სასტუმრო Hyatt Regency Tbilisi-ს ოპერირების დაწყების თარიღი ისევ უცნობია, თუმცა გრაფიკის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2029 წელს იგეგმება.
რუსთაველის გამზირის #30-ში მდებარე იუსტიციის სამინისტროს ყოფილი შენობა „რუსთაველი ფროფერთიმ“ სახელმწიფოსგან 2012 წელს 13 მლნ ლარად შეიძინა.
„რუსთაველი ფროფერთის“ დირექტორი და Ibis Styles Old Tbilisi-ს მენეჯმენტ კომპანია PDP-ს ხელმძღვანელი მინდია გადაევი „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებდა, რომ სასტუმროს გახსნის თარიღის გადადება არაერთ მიზეზს, მათ შორის სასტუმროს ბიზნესის არამომგებიანობას უკავშირდებოდა, რადგან „ეს არის გრძელვადიანი პროექტები რომელთა უკუგების ვადები არანაკლებ 10 წელს უკავშირდება“. მისივე თქმით, კომპანიას ვადებთან დაკავშირებით ვალდებულებები არ გააჩნია და შესაბამისად პროექტს საკუთარი ბიზნესგეგმის და გათვლების მიხედვით ახორციელებს.
Hyatt Regency Tbilisi-ი 180 ნომერზე გათვლილი სასტუმრო იქნება. სასტუმროს ბოლო სართულზე განთავსდება აუზი, ბარი და ორი რესტორანი, შეხვედრების ოთახი და შეხვედრების დარბაზი. პროექტის კორექტირებულ ვერსიაზე თანხმობა კომპანიამ რამდენიმე თვის წინ მიიღო, რომელიც ფასადის მცირე დეტალების ცვლილებას, მანსარდული ტიპის სახურავის და გარე კიბის გაუქმებას და რამდენიმე მცირე დეტალის კორექტირებას მოიცავს.
„პროექტის ფარგლებში იგეგმება შენობის გარდაქმნა საერთაშორისო სტანდარტების 5 ვარსკვლავიან სასტუმროდ. პროექტი წარმოადგენს ჰაიატის სასტუმროების ქსელის ნაწილს და შესაბამისად ითვალისწინებს ამ სასტუმროსთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. ჰაიატის არქიტექტურული ხედვა იცავს ბალანსს საერთაშორისო სტანდარტსა და რუსთაველის გამზირზე არსებული მრავალფეროვანი შენობების ხასიათს შორის - უზრუნველყოფს ჰარმონიას კონტექსტის მიმართ და ახდენს არსებული ლოკაციის რეგენერაციას მისი პოტენციალის სრულყოფილად გამოსახატად. წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს არსებული ისტორიული შენობის ფასადის სრულად რესტავრირებას და იტეგრირებას სასტუმროს მთლიან კომპლექსში. არსებულ ისტორიულ შენობას დაემატა 4 სართული“, - წერია განმარტებით ბარათში.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს ყოფილ შენობაში „რუსთაველი ფროფერთის“ სასტუმრო ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გაეხსნა, თუმცა პანდემიის და ინვესტიციების მოზიდვის მიზეზით ის არაერთხელ გადაიდო.


