საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ისრაელში, თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე IMTM 2026 ქვეყნის პოპულარიზაციას განაგრძობს.
IMTM 2026-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 30-ზე მეტი ტურისტული კომპანია და სასტუმროა წარდგენილი, გამოფენაში ჩართულია სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაცია.
გამოფენაში მონაწილე ტურისტული კომპანია „ჯორჯიან თრეველ გრუპის“ წარმომადგენელი თამუნა კურტანიძე აღნიშნავს, რომ ისრაელი კომპანიისთვის ერთ-ერთ ძირითად და სტაბილურ ბაზარს წარმოადგენს. მისი შეფასებით, მიუხედავად არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა, ისრაელელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი შენარჩუნებულია და, რიგ შემთხვევებში, გაზრდილიცაა. კურტანიძის თქმით, გამოფენა მნიშვნელოვან შესაძლებლობას ქმნის როგორც უკვე არსებული საქმიანი კავშირების განმტკიცებისთვის, ისე ახალი პარტნიორების მოძიებისთვის, რომლებიც ოპტიმისტურად აფასებენ სამომავლო თანამშრომლობას და საქართველოში ტურისტული ჯგუფების გამოგზავნას გეგმავენ.
„ჩვენთვის ისრაელი არის ერთ-ერთი ძირითადი ბაზარი და 2017 წლიდან ვმუშაობთ ისრაელის მიმართულებით... გამოჩნდა ახალი კომპანიების ინტერესი და ბევრი პარტნიორი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. მათთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ტურისტულ მიმართულებად კვლავ საქართველო რჩება, ასე რომ, იმედი გვაქვს, გაგრძელდება ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა“, – აცხადებს თამუნა კურტანიძე.
IMTM 2026 ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა, სადაც ტურისტული ორგანიზაციები მსოფლიოს 50 ქვეყნიდანაა წარმოდგენილი. გამოფენა წელს 20 ათასზე მეტ ვიზიტორს მასპინძლობს. საქართველოს სტენდთან ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ ქართული პროდუქტები დააგემოვნონ, ქვეყნის კურორტების, ტურისტულად მიმზიდველი ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია მიიღონ. ღონისძიება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიის ნაწილია, რომელიც ისრაელის ბაზრიდან მაღალმხარჯველი და გამოცდილებაზე ორიენტირებული ტურისტების მოზიდვასა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს