საბანკო შეთავაზებების გამრავალფეროვნების პარალელურად, მიკრობანკ “კრისტალში” კვლავაც აქტუალური და პოპულარულია პროდუქტები, რომლებიც ბაზარზე უკვე წლებია, არსებობს. ერთ-ერთი მათგანია განვადებაც — მოქნილი, ხელსაყრელი და მარტივი შესაძლებლობა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სასურველი შენაძენის საფასური ეტაპობრივად, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით გადაიხადონ. 

ამ სტატიაში მოგიყვებით, რატომ არის განვადება მოსახერხებელი და რა შემთხვევაში შეგიძლიათ პროდუქტით სარგებლობა მომგებიანად. 

ძვირადღირებული, ხარისხიანი პროდუქტები

საყოფაცხოვრებო და სამუშაო ტექნიკის ან თუნდაც ავეჯის შესაძენად, ხშირად ადამიანებს თანხის ერთად თავმოყრა უჭირთ. შესაბამისად, ბევრი მათგანისთვის გაცილებით ხელსაყრელია, ფინანსების დაგროვებას არ დაელოდოს, სასურველ პროდუქტში მაღალი ფასის ერთბაშად გადახდის ნაცვლად, ღირებულება რამდენიმე თვეზე გადაანაწილოს და ეტაპობრივად დაფაროს. პარალელურად კი, შეძენილი ტექნიკით, მაგალითად, უფრო მძლავრი ლეპტოპით ან უკეთესი მახასიათებლების მქონე ფოტოაპარატით, პროფესიული შემოსავალი გაზარდოს.

განვადებით სარგებლობა ეფექტიანია სოფლის მეურნეობაში დასაქმებული, რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვისაც: მოწყობილობები, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვისაა საჭირო, ხშირად საკმაოდ ძვირი ღირს. განვადება კი ამ ტექნიკას მათთვის ხელმისაწვდომს ხდის, საბოლოოდ კი, შრომასაც უმსუბუქებს, შემოსავალსაც უზრდის და საქმიანობის განვითარებაშიც ეხმარება.

გამოსავალი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს

ხშირად განვადებას იყენებენ მაშინაც, როცა გაუთვალისწინებელი შემთხვევები დგება: ფუჭდება სარეცხის მანქანა, კონდიციონერი, გათბობის ქვაბი, ტელევიზორი, ან ლეპტოპი, ტყდება სმარტფონი ან მწყობრიდან გამოდის ისეთი ნივთი, რომელიც ადამიანებს ყოველდღიურად ძალიან სჭირდებათ. ამგვარ მოულოდნელობებს ფინანსურად შეიარაღებული, ბუნებრივია, ყოველთვის ვერავინ დახვდება, თუმცა გამოსავალიც არსებობს:  მწყობრიდან გამოსული ნივთის ახლით ჩანაცვლება და თუ იმ მომენტისთვის საჭირო თანხის მობილიზება ვერ ხერხდება, მისი განვადებით შეძენა.

გაუთვალისწინებელი ხარჯები ყოველთვის თან ახლავს რემონტის პროცესსაც. თუ ბიუჯეტში დამატებითი ფინანსები გათვალისწინებული არ არის, მაგრამ სამშენებლო მასალების ან ავეჯისა და დეკორის შეძენა აუცილებლობას წარმოადგენს, განვადება ამ შემთხვევებშიც ოპტიმალური არჩევანია.

სწავლა და პროფესიული განვითარება

განვადებით სარგებლობა რეკომენდებულია სწავლისა და პროფესიული განვითარების მიზნითაც: სამაგიდო კომპიუტერის, ლეპტოპის, პლანშეტის ან სხვა მოწყობილობის შესაძენად, ეს პროდუქტი მართლაც მოსახერხებელია. თანაც, ამ შემთხვევაში ნივთის ყიდვა უკვე არა დანახარჯი, არამედ გონივრული ინვესტიცია გამოდის.

ხელსაყრელი დრო და ფასდაკლებები 

სადღესასწაულო და სეზონური ფასდაკლების აქციებით საკმაოდ ძვირადღირებული პროდუქციის ხელსაყრელ ფასად შეძენაა შესაძლებელი, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს იმ მომენტისთვის სრული თანხა არ აქვს, ან დანაზოგი სხვა მიზნებისთვის სჭირდება. ასეთი შემთხვევებისას საუკეთესო გამოსავალი ნივთის ხელსაყრელ ფასად, განვადებით ყიდვა და თანხის გადაანაწილებაა. ამგვარად მომხმარებელს შენაძენიც რჩება და დანაზოგსაც ინარჩუნებს. ხშირად ეს გონივრული ნაბიჯიცაა, რადგან აქციების დროს ზოგიერთი პროდუქტი 30%-ით ან მეტით იაფდება და, საბოლოოდ, მომხმარებელს ჯამურად ნაკლების გადახდა უწევს.

მიკრობანკ „კრისტალის“ განვადება

მიკრობანკ „კრისტალის“ განვადება დედაქალაქსა თუ რეგიონებში, პრაქტიკულად ყველა სავაჭრო ობიექტში მოქმედებს. მომხმარებლებს შეუძლიათ, ისარგებლონ მოქნილი პირობებით, მოსახერხებელი საშეღავათო პერიოდითა და შემოსავლებზე მორგებული გრაფიკით. რაც მთავარია, მათ შესაძლებლობა აქვთ, განაცხადი მარტივად შეავსონ და  დაფინანსების შესახებ პასუხიც სწრაფად მიიღონ.

განვადებით სარგებლობის მინიმალური თანხა 100 ლარია, მაქსიმალური კი — 10 000 ლარი. პროდუქტი ხელმისაწვდომია მინიმუმ 1 თვის და მაქსიმუმ 48 თვის ვადით. შემოსავლის სახით შესაძლებელია ხელფასის, იჯარის, ფულადი გზავნილის, სოფლის მეურნეობისა და ბიზნესაქმიანობის წარდგენა. მომხმარებლებს, რომლებსაც კარგი საკრედიტო ისტორია და მაღალი რეიტინგი აქვთ, შეუძლიათ, განვადებით უპროცენტოდ ან მინიმალური საპროცენტო განაკვეთით, მაღალი ლიმიტებითა და ხანგრძლივი დროით ისარგებლონ.

დეტალები ხელმისაწვდომია ბმულზე: https://crystal.ge/product/ganvadeba-partnior-maghaziebshi/

და ბოლოს, გაითვალისწინეთ, რომ განვადებით სარგებლობა კარგი არჩევანია მაშინ, როცა შეძენილ ნივთს თქვენთვის გრძელვადიანი სარგებლის მოტანა შეუძლია, სტაბილური ყოველთვიური შემოსავალი გაქვთ და ზუსტად იცით, რომ გადახდა არ გაგიჭირდებათ. 

შესაბამისად, განვადების არჩევამდე სასურველია, წინასწარ თავად განსაზღვროთ, რა თანხის გადახდას შეძლებთ ყოველთვიურად ისე, რომ შენატანი თქვენს ბიუჯეტს ზედმეტად არ ტვირთავდეს. ეს დაგეხმარებათ პროდუქტი მაქსიმალური პასუხისმგებლობით გამოიყენოთ და კარგი საკრედიტო ისტორია შეინარჩუნოთ.