ქალთა ეკონომიკური გაძლიერება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა გაეროს განვითარების პროგრამასა (UNDP) და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 360°-იანი მხარდაჭერა საკუთარი წამოწყებების გასაძლიერებლად. ახლა პროგრამის მე-11 ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა ამჯერად ქუთაისში განხორციელდება.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე იგრიკას თანადამფუძნებელი, ბაია ლომსაძე კი პროგრამაში მონაწილეობას აფასებს და ბრენდის ისტორიასაც გვიყვება:
"იგრიკა ხელნაკეთი საჩუქრების სახელოსნოა, სადაც მიზნად დავისახეთ, აღმოვაჩინოთ და მოგიყვეთ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე. იგრიკა ძველ ქართულად აპრილს ნიშნავს და ჩვენი სახელოსნოს ამბავიც 2020 წლის აპრილში დაიწყო. ვფიქრობ, ჩვენი სახელოსნო განვითარების ახალ ეტაპზეა, გავცდით ჩვენს სივრცეს და ინტერიერის მასშტაბურ პროექტებზეც გადავერთეთ. 2024 წლიდან კი საბავშვო ხაზი დავამატეთ - სამაგიდო თამაშის სახით, რომელიც ქართული ხალხური ზღაპრების პერსონაჟების სიყვარულით შეიქმნა", - ამბობს ბაია.
ბაიას მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობა მეგობარმა ურჩია. პროგრამა 4 ღირებულებას ეფუძნებოდა: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. პროექტის მიმდინარეობის პერიოდს ბაია შემდეგნაირად აფასებს:
"ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა ცოდნის გაღრმავება, ახალი ინფორმაციის მიღება. ყველაზე დასამახსოვრებელი კი პროექტში ჩართულ ადამიანებთან კონტაქტი და მათი გამოცდილების გაზიარება იყო. ჩვენი ნაკადის მონაწილეები განსხვავებული სფეროებიდან ვიყავით, თუმცა ერთმანეთთან მარტივად დავმეგობრდით და კოლაბორაციულ პროექტებშიც ჩავერთეთ. დღემდე აქტიური კავშირი გვაქვს და ერთმანეთის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობთ. მენტორები ყურადღებით ეცნობოდნენ ჩვენს გამოწვევებს და ერთად ვცდილობდით ამ თუ იმ პრობლემის მოგვარებას, ეს ურთიერთობა, ვფიქრობ, ყველაზე ღირებული იყო", - დასძინა ბაიამ.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში წამყვანი ექსპერტები მონაწილეებთან როგორც ჯგუფურად, ისე ინდივიდუალურად მუშაობენ. 360°-იანი მხარდაჭერა კი გულისხმობს როგორც ცოდნის გაზიარებას, ისე კონსულტაციებს, სასარგებლო კონტაქტების დამყარებასა და ასევე გრანტის მოპოვების შესაძლებლობას.
"ჩემი აზრით, ბიზნესის განვითარებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა მისი შეფასება, რომ იცოდე, რა ეტაპზეა ის და შემდეგ მომდევნო ნაბიჯები განსაზღვრო. მენტორებთან ერთად ვიმუშავეთ თითოეულ საკითხზე და შევძელით, სამოქმედო გეგმა დაგვესახა. ხოლო საბავშვო თამაშმა, რომელზეც პროგრამის შემდეგ ვიმუშავე, იგრიკას აუდიტორია გაზარდა და მის სოციალურ მიზანს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი შემატა", - გვიყვება ბაია.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამ 2022 წლიდან საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ მეწარმე ქალებს გამოცდილების მიღების შესაძლებლობა მისცა. პროგრამა უკვე 185 მონაწილეს აერთიანებს, რომლებიც ბიზნესის განვითარების გზაზე არ გაჩერდნენ და საკუთარი იდეები რეალობად აქციეს. რატომ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი მეწარმე ქალისთვის მსგავსი პროექტების არსებობა, ბაია ლომსაძე თავის აზრს გვიზიარებს:
"პროგრამის ფორმატი ითვალისწინებდა არა მხოლოდ ტიპურ ლექციებს, არამედ ჯგუფურ დავალებებსა და აქტივობებს, მენტორებთან ერთად ბიზნესის შეფასებას და საკვანძო დეტალების განხილვას, რაც ძალიან ეხმარება მეწარმეებს, სწორად შეაფასონ და დაგეგმონ ბიზნესის განვითარების ეტაპები. მეწარმეობა საინტერესო და გამოწვევებით სავსე გზაა. ასეთი პროექტები კი მონაწილეებს თავდაჯერებულობას მატებს, ქმნის ერთობას, კავშირებს", - აღნიშნავს ბაია.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა საქართველოს ბანკის ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები, ღონისძიებები, სექტორული კვლევები თუ სხვა.