საქართველოში რითეილ (საცალო ვაჭრობის) ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის 20-21%-ს აგენერირებს, თუმცა სექტორის შემდგომი განვითარებისა და პროდუქტზე ფასების შემცირებისთვის მთავარი გამოსავალი მიწოდების ჯაჭვის ტექნოლოგიურ ოპტიმიზაციაშია.
ამის შესახებ „BeWise Georgia“-ს თანადამფუძნებელმა ია ნადირაშვილმა „ანალიტიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქართული რითეილ ბაზარი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, სადაც წარმატება იზომება არა გაყიდვებით ან გახსნილი მაღაზიების რაოდენობით, არამედ მიღებული ინფორმაციის სწრაფი დამუშავებითა და მასზე რეაგირებით.
„პირველ რიგში, მინდა შევეხო იმას, რომ რითეილს (არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად რითეილ ბიზნესს) რამდენიმე როლი აქვს. ერთ-ერთი არის დასაქმების როლი, რაც დამწყებებისთვის სამუშაო გარემოს ქმნის. მეორე არის ეკონომიკაში შეტანილი წვლილის როლი — რითეილი ძალიან მსხვილი გადამხდელია და დიდწილად უწყობს ხელს ეკონომიკის განვითარებას. ამის დასტურია ჩვენი ბაზრის ციფრებიც: რითეილი ქართულ ეკონომიკაში 20-21 პროცენტს ქმნის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი კი რითეილის სოციალური ფუნქციაა ყოველთვის, როდესაც ორგანიზებული რითეილი შედის ბაზარზე, იქ კონკურენციას ქმნის, რის შედეგადაც იზრდება მიწოდება და ამ კონკურენციის პირობებში შესაძლებელი ხდება საფასო ნიშნულის ქვევით დაწევა. სწორედ ამ ქმედებებში გამოიხატება რითეილის ერთ-ერთი სოციალური როლი.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესს ვუყუროთ არა იმით, თუ რა გაყიდა ან რამდენი მაღაზია გახსნა (ქართული რითეილ ბაზარიც უკვე გადადის ამ ეტაპზე), არამედ იმ მიმართულებით, თუ მიღებული ინფორმაცია რამდენად სწრაფად დავამუშავეთ და როგორ მოვახდინეთ მასზე რეაგირება. ჩვენ ეფექტურობა უნდა ვეძიოთ და ეს ეფექტურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზუსტად ეფექტურობაა მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯიც.
შესაძლებელია, მიწოდების ჯაჭვში არსებული რგოლის აქტორების თვალსაზრისით, რითეილერმა თავის მხარეს წამოიღოს ლოგისტიკური ჰაბები და რა თქმა უნდა, ეს არის ვერტიკალური ინტეგრაციის გამოვლინება.
ვერტიკალური ინტეგრაციის პარალელურად, ასევე შესაძლებელია, რომ ლოგისტიკური ჰაბები არსებობდნენ, როგორც დამოუკიდებელი სეგმენტის ბიზნესსუბიექტები. ასეთი პრაქტიკა ჩვენ გვაქვს და ქართულ ბაზარზეც არის წარმოდგენილი ერთ-ერთი საერთაშორისო ლოგისტიკური ჰაბი, თუმცა მისი საქმიანობა ფართოდ არ არის გავრცელებული და მხოლოდ ერთ კონკრეტულ სეგმენტზეა ორიენტირებული. ამ მიმართულებით ნამდვილად შეგვიძლია გრძელვადიან პერსპექტივაში გამოსავალი ვეძებოთ. თუმცა კიდევ ხაზს ვუსვამ, აქ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფიზიკურად ამ ლოგისტიკური ჰაბის შექმნა, არამედ მისი ტექნოლოგიურად აღჭურვაც. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ინფორმაცია, თაროს მართვა, პროდუქტების მართვა, ნაშთების მართვა თუ ჩამოწერები, რაც საბოლოო ჯამში ხარჯის სტრუქტურას ავსებს და აძვირებს პროდუქტის თვითღირებულებას სწორედ საჭირო დროს იყოს მართული, რათა საჭირო ადგილას, საჭირო პროდუქტი დროულად მივიტანოთ", - განაცხადა ია ნადირაშვილმა.