2026 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.4 პროცენტი შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 2026 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 53.4 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე შემცირდა 1.0 პროცენტული პუნქტით და 45.7 პროცენტი შეადგინა.

„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 45.9 პროცენტს და 45.4 პროცენტს შეადგენს.

2026 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 1.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 67.5 პროცენტი შეადგინა. 2026 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით.

2026 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 0.5 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 12.1 პროცენტს და 16.2 პროცენტს შეადგენს. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში.

2026 წლის I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 43.4 პროცენტს, ხოლო კაცებში 64.9 პროცენტს შეადგენს. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებში შემცირებულია 1.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.6 პროცენტული პუნქტით. 2026 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 1.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 0.8 პროცენტული პუნქტით“, - წერია საქსტატის ინფორმაციაში.