ეკონომიკის ზრდის პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა გარდაუვალია. ეს სრულიად ლოგიკურია - ეკონომიკური აქტივობის ზრდა მეტ საწარმოო პროცესს, მომსახურებასა და ინფრასტრუქტურულ განვითარებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ ენერგომოხმარებას ზრდის. თუ გადავხედავთ საქართველოს ეკონომიკის ბოლო წლების დინამიკას, დავინახავთ, რომ 1% ეკონომიკურ ზრდაზე საშუალოდ მოდის დაახლოებით 0.9-1.1% ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა. შესაბამისად, შიდა ენერგომოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელია გენერაციის ახალი წყაროების განვითარება.

დღესდღეობით აქტიურად განიხილება შესაძლო გზები ენერგოეფექტურობისა და ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად. ზოგიერთი ხედვა მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობის შეჩერებითა და ენერგოეფექტურობაზე ორიენტირებით,  მაგალითად, მოხმარების შემცირებითა და მზის პანელების მასშტაბური დანერგვით, შეიძლება შევავსოთ დეფიციტი და დავიცვათ ენერგოუსაფრთხოება. თუმცა, მოცემული რეალობის გათვალისწინებით, ეს მიდგომა სრულად ვერ უზრუნველყოფს სტაბილურ და საიმედო ენერგომომარაგებას.

ფაქტია, რომ საქართველოს ელექტროენერგიის გენერაციის 70%-ზე მეტი სწორედ ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. მიუხედავად მზისა და ქარის ენერგიის ეტაპობრივი ზრდისა, ჰესები კვლავ მთავარი საყრდენი რჩება. სწორედ ამ პირობებში ჩნდება ლეგიტიმური კითხვა - შესაძლებელია თუ არა ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევა ჰესების გარეშე?

ამის უკეთ განსასაზღვრად, განვიხილოთ ჰიპოთეტური სცენარი: წარმოიდგინეთ, რომ 2019-2024 წლებში საქართველოში არც ერთი ახალი ჰესი არ აშენებულიყო, როგორი ენერგეტიკული სურათი გვექნებოდა დღეს?

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანაში აშენდა რამდენიმე ჰესი: შუახევი, ხობი და ოთხი მცირე ჰესი. მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე 234 მეგავატს შეადგენს, ხოლო წლიური გამომუშავება - დაახლოებით 600-700 გიგავატსაათია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ჰესების გარეშე საქართველოს წლიური გენერაცია შემცირდებოდა დაახლოებით 600-700 გიგავატსაათით. ეს კი პირდაპირ გავლენას მოახდენდა ენერგოდეფიციტზე - მოთხოვნასა და მიწოდებას შორის სხვაობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა.  ასეთ შემთხვევაში ქვეყნის ენერგოდეფიციტი 5-6%-ით მეტად გაიზრდებოდა, რაც დამატებითი იმპორტის აუცილებლობას გამოიწვევდა.

ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება სერიოზულ რისკებს უკავშირდება. საერთაშორისო ბაზარი მერყეობით ხასიათდება – ფასების მატება ან გეოპოლიტიკური შეფერხებები შესაძლოა პირდაპირ აისახოს ქვეყნის შიდა ტარიფებზე, რაც თითოეული მოქალაქის ენერგოდანახარჯებზე ნეგატიურად აისახება. სწორედ ამ რისკების თავიდან ასაცილებლად არის გადამწყვეტი მნიშვნელობის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის კონცეფცია, რომელიც ემყარება ადგილობრივი ენერგორესურსების მაქსიმალურ ათვისებას.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება მხოლოდ ჰესების მშენებლობაზე უნდა იყოს გადატანილი. პირიქით – აუცილებელია მზისა და ქარის ენერგიის განვითარება, ენერგოეფექტურობის გაზრდა და ტექნოლოგიური ინოვაციების ხელშეწყობა. თუმცა, იმის მტკიცება, რომ მხოლოდ ალტერნატიული წყაროებითა და ენერგოეფექტურობით შეგვიძლია უარი ვთქვათ ჰესებზე, რეალობას მოკლებულია.

საქართველოს ენერგეტიკულ მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან დააკავშირებს და ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის. თუმცა, ამ შესაძლებლობის რეალიზებისთვის ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურა უნდა იყოს გამართული, მდგრადი და გენერაციულად თვითკმარიც.

ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების ნაწილია და მისი მიღწევა ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს ჰესების, როგორც გენერაციის ძირითადი წყაროს, განვითარებას. ეს პროცესები უნდა წარიმართოს თანამედროვე სტანდარტების დაცვით, გარემოსა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.