რობინ დანიგანი არის არა გადამდგარი, არამედ რეალურად გადაყენებული ელჩი. გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის თავისთავად სერიოზული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს რობინ დანიგანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ მას გაუგზავნა პირადი წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის. რობინ დანიგანის თქმით, ეს წერილი „იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“.

„ჯერ ერთი, რომ გვდომოდა ღია წერილის გაგზავნა, გაიგზავნებოდა ღია წერილი და მეორე – თქვენ იცით, რომ ქალბატონი რობინი არის არა გადამდგარი, არამედ რეალურად გადაყენებული ელჩი. ახლა გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის თავისთავად სერიოზული, ამიტომ, ამ საკითხზე ჩვენ არ გვჭირდება კომენტარების გაკეთება.
თქვენი გადასაწყვეტი არ არის რა გასაჯაროვდება და არა. თქვენ რა გინდათ ერთია, რა გვინდა ჩვენ და რა უნდა საზოგადოებას, ეს არის მეორე. საჯარო წერილი რომ ყოფილიყო, გავასაჯაროვებდით. რაც იყო საჯარო, გავასაჯაროვეთ კიდეც. რაც შეეხება გადაყენებული ელჩის ჭორაობას, ამაზე კომენტარი აბსოლუტურად უადგილოა. თქვენ ნახეთ დემონსტრაციულად, ერთი და იმავე დღეს დააწერინეს განცხადება ქალბატონ დანიგანს და იმავე დღეს მოგვცეს თანხმობა საქართველოს ელჩის დანიშვნაზე, რაც იყო დემონსტრაციული ფაქტი. გადააყენეს ადამიანი, დაკავებულია ჭორების გავრცელებით, ეს არ არის სერიოზული“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რას მოითხოვდნენ წერილში, კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდის მთავარი მოთხოვნა ყველასთვის ცნობილია.

კობახიძის თქმით, ყოფილმა ელჩებმა, დეგნანმა და დანიგანმა სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივად გაუარესებაში.

„ჩვენ მთავარი მოთხოვნა არის ყველასთვის ცნობილი. ეს არის ის, რომ ჩვენ გვინდა, აღდგეს სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და რა თქმა უნდა ეს იყო ჩვენი ყველა წერილის, ყველა კომუნიკაციის გაცხადებული შინაარსი. აბსოლუტურად ყველა კომუნიკაციის შინაარსი, მიზანი ეს იყო. ჩვენ გვინდა, სუფთა ფურცლიდან აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა, ღირსეული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ძალიან ბევრი რამ გააფუჭა წინა ადმინისტრაციამ, მათ შორის, კონკრეტულმა ელჩებმა გააფუჭეს ძალიან ბევრი რამ – დეგნანი, დანიგანი. რეალურად, მათ სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივად გაუარესებაში. აქედან გამომდინარე, მათ მორალური უფლებაც არ აქვთ, რომ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც საქმე ეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ახალი ადმინისტრაციის პირობებში, იმედი გვაქვს, რომ იქნება განსხვავებული დამოკიდებულება, მათ შორის ელჩების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახლა საქართველოს ხელისუფლება ელოდება შემხვედრ ნაბიჯებს აშშ-ის ადმინისტრაციისგან.

„ჩვენ საჯარო განცხადება გაკეთებული გვაქვს და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. რეალურად საჭიროა ჯანსაღი მიდგომა, სამართლიანი მიდგომა, ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ გვაქვს მაქსიმუმზე გაკეთებული განაცხადი. მაქსიმუმი რა არის, რომ მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რაც არის დაკავშირებული ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან. მთავარია, შედგეს კომუნიკაცია. ნებისმიერ საკითხს განვიხილავთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. როგორც კი დავინახავთ აქტიური კომუნიკაციის ინტერესს, ნებისმიერი საკითხი შეიძლება, იყოს განხილული და უფრო მეტიც, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა არა ქაღალდზე, როგორც იყო წარსულში, არამედ რეალური დოკუმენტით, რეალური გზამკვლევით. ეს არის ჩვენი ძალიან ცხადი შეთავაზება. ერთადერთი, რასაც შეიძლება, ასეთ პირობებში დაველოდოთ, ეს არის შემხვედრი ნაბიჯები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრს აქვე კითხვა დაუსვეს, რატომ თქვა ბიძია ივანიშვილმა უარი აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, რასთან დაკავშირებითაც კობახაძემ განაცხადა:

„მიზეზი არის განმარტებული და ეს მიზეზი საჯაროდაც განმარტა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სანქციების პირობებში, შანტაჟის პირობებში, რა თქმა უნდა, არასწორი იქნებოდა მისი მხრიდან ასეთი შეხვედრის გამართვა. მან ასევე მიანიშნა ელჩს იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს ხელისუფლება, რომელსაც ის უნდა ესაუბროს. რეალურად კომუნიკაციაზე არავის უთქვამს უარი. იყო პირდაპირი შეთავაზება გაკეთებული, რომ საუბარი დაწყებულიყო იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან კონკრეტულად სუბიექტურად შანტაჟის ქვეშ. ძალიან მარტივი შეთავაზება იყო გაკეთებული. ამაზე როდესაც ითქვა უარი, გამძაფრდა შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ შანტაჟის ფონზე სურდა ქალბატონ ელჩს შეხვედრა ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ძალიან მარტივია ეს ლოგიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.