ტურისტულ კომპანიაში ,,Best Travel” აცხადებენ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ძლიერი დარტყმა იქნება ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული ბიზნესებისთვის. საკითხზე ,,კომერსანტთან“ კომენტარი კომპანიის კორპორატიული გაყიდვების უფროსმა გააკეთა. თეიკო ბოგვერაძე აცხადებს, რომ სავიზო რეჟიმის ამოქმედება ტურისტული სააგენტოების, ტრანსპორტის, სასტუმროების, გიდების, დაზღვევის კომპანიებისა და ტურიზმის პარტნიორი სექტორების მუშაობაზე უარყოფითად აისახება.
,,წლების განმავლობაში, თავისუფალმა გადაადგილებამ ევროკავშირის ქვეყნებში ხელი შეუწყო მოგზაურობის კულტურის განვითარებას, გაიზარდა მოთხოვნა ტურისტულ სერვისებზე და იმატა გაყიდვებმა. რეგულაციების გამკაცრება კი ახალ ბარიერებს შექმნის: გაიზრდება ვიზის მიღების ხარჯები, ბიუჯეტური ავიაკომპანიები დატოვებენ ბაზარს, რაც შეამცირებს მოგზაურობის მოტივაციას და შესაძლებლობებს. ეს პირდაპირ აისახება ტურისტული სააგენტოების, ტრანსპორტის, სასტუმროების, გიდების, დაზღვევის კომპანიების და სხვა პარტნიორი სექტორების მუშაობაზე.“- აცხადებს თეიკო ბოგვერაძე.
,,Best Travel”-ის კორპორატიული გაყიდვების უფროსს ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ დღის წესრიგში ტურისტული კომპანიების ნაწილის დახურვის საკითხი დადგეს? -,,დიახ, სამწუხაროდ ეს სცენარი რეალურია, განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებისთვის, რომლებიც ევროპის მიმართულებებზე მუშაობენ. მოთხოვნა შემცირება, გაყიდვები დაიკლებს, გაჩნდება ბიუროკრატიული სირთულეები და დამატებითი ხარჯები, რაც კომპანიების ეკონომიკურ სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.“- განაცხადა კითხვაზე საპასუხოდ თეიკო ბოგვერაძემ.
უვიზო რეჟიმის გაუქმება გამგზავრებისთვის საჭირო პროცედურების გავლას გაართულებს. კერძოდ გაიზრდება ხარჯები და ტურისთვის მოსამზადებელი დრო.
,,ვიზის აღება ნიშნავს უფრო ხანგრძლივ პროცესს, დამატებით დოკუმენტაციას, ხარჯებს, ლოდინს და ხშირად – გაურკვევლობას. ბევრ ადამიანს გაუჭირდება კონკრეტული ვიზის მოთხოვნების დაკმაყოფილება. გარკვეული ნაწილისთვის მოგზაურობა საერთოდ შეუძლებელი გახდება. მოგზაურობის დაგეგმვა აღარ იქნება მარტივი და სწრაფი პროცესი.“- აცხადებს თეკო ბოგვერაძე.
,,Best Travel”-ის კორპორატიული გაყიდვების უფროსი მიიჩნევს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება განსაკუთრებით დააზარალებს ბიუჯეტურ მოგზაურებს, რომლებიც საქართველოში უმრავლესობას წარმოადგენენ. მისივე თქმით, შემცირდება მოთხოვნა, რის გამოც არ არის გამორიცხული ბიუჯეტური ავიაკომპანიებმა ქართული ბაზარი დატოვონ.
,,უვიზო რეჟიმი ბიუჯეტურ მოგზაურებს აძლევდა შესაძლებლობას, ემგზავრათ მოქნილად: ან დიდი ხნით ადრე, ან ბოლო წუთს, იაფი ავიაბილეთების გათვალისწინებით. ვიზის საჭიროება ამ მოქნილობას შეუძლებელს გახდის: მოგზაურობა წინასწარ დაგეგმვას და დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ბიუჯეტური ავიაკომპანიების, მაგალითად Wizz Air-ის, მუშაობა სწორედ ამ მოქნილობაზეა დაფუძნებული. როდესაც მოთხოვნა შემცირდება, დიდი ალბათობით ისინი ბაზარს დატოვებენ, რაც კიდევ უფრო შეამცირებს მოგზაურობაზე წვდომას. და სახეზე გვაქვს ჯაჭვური რეაქცია, გაძვირდება ყველაფერი — ფრენა, სასტუმრო, (რადგან ბოლო წამს არაგაუქმებადი პირობებით სასტუმროსაც იაფად ვეღარ იყიდიან) ვიზა — და შემცირდება წვდომა არამხოლოდ ევროპაზე, არამედ ზოგადად მოგზაურობაზე. მთავარი პრობლემა მოქნილობის დაკარგვაა, რაც იაფად მოგზაურობას თითქმის შეუძლებელს ხდის.“- აცხადებს თეიკო ბოგვერაძე.
ტურისტული კომპანიის კორპორატიული გაყიდვების უფროსი მიიჩნევს, რომ ბიზნეს ოპერატორებისთვის გამოსავალი ისეთი მიმართულებების განვითარებაშია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ მოგზაურობის საშუალება დარჩებათ. დანაკარგების ანაზღაურება შესაძლებელია ასევე შიდა ტურიზმის გაძლიერებით, თუმცა ეს არ იძლევა საკმარისი ფინანსური რესურსის მობილიზების საშუალებას.
,,ძირითადი ალტერნატივა იქნება უვიზო მიმართულებების აქტიური განვითარება – როგორიცაა თურქეთი, არაბეთის ქვეყნები, აზიის ზოგიერთი რეგიონი. ასევე მნიშვნელოვანია შიდა და რეგიონული ტურიზმის გაძლიერება. თუმცა, ეს მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხებს დაკარგული ბაზრის ანაზღაურებას. საერთო სურათი მაინც სავალალოა და დიდი ზარალი იქნება როგორც ბიზნესისთვის, ასევე ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის.:- აცხადებს თეიკო ბოგვერაძე.