კომერსანტის თემის ეთერში საკურა ფროფერთის დამფუძნებელმა ვიქტორია საკუროვამ რუსთაველზე არსებულ კომერციულ ფართებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მოთხოვნა შეჩერებულია არსებული რეაბილიტაციის გამო. მისივე თქმით, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოცემულ ტერიტორიაზე კომერციული უძრავი ქონების ფასები გაიზრდება ისე, როგორც ეს ჭავჭავაძის გამზირის შემთხვევაში მოხდა.
“რუსთაველის გამზირზე არსებულ კომერციულ ფართებზე ამ მომენტისთვის მოთხოვნა შეჩერებულია პირდაპირი გაგებით, რაც იმას ნიშნავს, რომ არავის უნდა რუსთაველის ან თავისუფლების გამზირის ხსენება, როდესაც ეძებენ კომერციულ უძრავ ქონებას.
რაც შეეხება არსებულ ობიექტებს, რომლებიც უკვე იჯარითაა გაცემული. აქ ვუყურებთ ტენდეციას, როდესაც მოიჯარეს არ სურს, რომ კარგი ობიექტი დაკარგოს. აქედან გამომდინარე ის მეიჯარესთან თანხმდება დროებით ნაკლები იჯარის გადახდაზე. ასეთი პრეცედენტები ხდება იმიტომ, რომ მოიჯარემ კარგად იცის, თუკი იგი გავა არსებული ობიექტიდან, როდესაც რეაბილიტაცია დასრულდება რუსთაველზე ისედაც მაღალი ფასები კიდევ უფრო გაიზრდება, ამიტომ მათ ინტერესში არ შედის კარგი ადგილის დაკარგვა.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ველოდებით რომ რუსთაველის გამზირზე კომერციულ ფართებზე ფასი საშუალოდ 10-15 დოლარით გაიზრდება კვადრატულ მეტრზე“. - აცხადებს ვიქტორია საკუროვა.