რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა ANIMA-ს დამფუძნებელი, თეონა ანთია სუროგაციის სრულად აკრძალვის ინიციატივას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე აუცილებელია მისი სამედიცინო, დემოგრაფიული, ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგების კომპლექსური შეფასება. კლინიკის დამფუძნებლის განცხადებით, სრულმა აკრძალვამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს როგორც უნაყოფობის პრობლემის მქონე პაციენტების რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე, ისე საქართველოში რეპროდუქციული მედიცინის განვითარებასა და მომსახურების ხელმისაწვდომობაზე.

მისი შეფასებით, არსებული რისკების მართვის ალტერნატივა მკაცრი რეგულირება და სახელმწიფო ზედამხედველობის გაძლიერება უნდა იყოს.

,,

რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა”ANIMA-ს დამფუძნებელსა და რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენელს აუცილებლად მიმაჩნია გამოვეხმაურო საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ გამოცხადებულ საკანონმდებლო ინიციატივას.

მიმაჩნია, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას წინ უნდა უძღოდეს საფუძვლიანი სამედიცინო, დემოგრაფიული, ეკონომიკური და სამართლებრივი ანალიზი.

პირველი — საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს ქვეყანაში მხოლოდ 37 867 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 4.1%-ით ნაკლებია. ბუნებრივი მატება უარყოფითია — მინუს 6 452 ადამიანი.

კიდევ უფრო საყურადღებოა შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი, რომელიც 2025 წელს 1.53-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც მოსახლეობის თაობათა მარტივი ჩანაცვლებისთვის დაახლოებით 2.1 ბავშვია საჭირო ერთ ქალზე.

ეს მონაცემები მიუთითებს, რომ საქართველო სერიოზული დემოგრაფიული გამოწვევის წინაშე დგას.

ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეპროდუქციული მედიცინის ხელმისაწვდომობის საკითხი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით ყოველი მეექვსე ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში უნაყოფობის პრობლემას აწყდება.

არსებობენ ქალები, რომლებსაც სამედიცინო მიზეზების გამო არ შეუძლიათ ორსულობის ტარება, თუმცა აქვთ საკუთარი გენეტიკური შვილის ყოლის შესაძლებლობა. ასეთი პაციენტების ნაწილისთვის სუროგაცია შეიძლება იყოს გენეტიკურად დაკავშირებული შვილის გაჩენის ერთადერთი სამედიცინო გზა.

შესაბამისად, სრული აკრძალვა უშუალოდ შეეხება საქართველოს იმ მოქალაქეებსაც, რომელთათვისაც აღნიშნული სამედიცინო შესაძლებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მეორე — ინვიტრო მედიცინის ტექნოლოგიური და ეკონომიკური განვითარება.

რეპროდუქციული მედიცინა ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მიმართულებაა.

თანამედროვე ემბრიოლოგიური ლაბორატორიების განვითარება, მაღალტექნოლოგიური აპარატურის შეძენა, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და პროფესიონალი კადრების მომზადება მნიშვნელოვან და მუდმივ ფინანსურ ინვესტიციებს მოითხოვს.

საქართველოში ეს  მომსახურება არ ფინანსდება  კერძო კლინიკებში საერთაშორისო პაციენტების მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი შეიძლება მნიშვნელოვან როლს ასრულებდეს კლინიკების ფინანსურ მდგრადობაში, ტექნოლოგიურ განახლებასა და სამედიცინო პერსონალის პროფესიულ განვითარებაში და საშუალებას გვაძლევს საქართველოს მოქალაქეებს  მოვემსახუროთ შედარებით შეღავათიან ფასებში.

შესაბამისად, საერთაშორისო სუროგაციული პროგრამების აკრძალვის ეკონომიკური შედეგები მხოლოდ კონკრეტული მომსახურების შეწყვეტით არ უნდა შეფასდეს.

აუცილებელია განისაზღვროს, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ გადაწყვეტილებამ კლინიკების შემოსავლებზე, ინვესტიციებზე, სამუშაო ადგილებზე, ემბრიოლოგიური ლაბორატორიების განვითარებასა და, საბოლოოდ, ქართველი პაციენტებისთვის მკურნალობის ფასსა და ხელმისაწვდომობაზე.

მესამე — პაციენტების, ქალებისა და ბავშვების უფლებების დაცვა.

სუროგაციასთან დაკავშირებული ეთიკური და სამართლებრივი რისკები ნამდვილად საჭიროებს სერიოზულ განხილვას.

ქალების შესაძლო ექსპლუატაციის პრევენცია, ინფორმირებული თანხმობის უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვა და ბავშვის უფლებების სამართლებრივი გარანტიები სახელმწიფოს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.

ამასთან, აუცილებელია შეფასდეს, რა შედეგის მიღწევაა შესაძლებელი მკაცრი ლიცენზირების, დამოუკიდებელი ზედამხედველობის, სამედიცინო სტანდარტებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებით და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს სრულ აკრძალვას.

მეოთხე — აუცილებელია პროფესიული და სამეცნიერო შეფასება.

საკანონმდებლო განხილვაში უნდა მონაწილეობდნენ რეპროდუქტოლოგები, ემბრიოლოგები, მეან-გინეკოლოგები, სამედიცინო ეთიკის სპეციალისტები, იურისტები, დემოგრაფები, ეკონომისტები და პაციენტთა წარმომადგენლები.

რეპროდუქციული მედიცინის მომავალი მხოლოდ ერთი სამედიცინო დარგის საკითხი არ არის. ის უკავშირდება ადამიანების ჯანმრთელობას, ოჯახის შექმნის შესაძლებლობებს, დემოგრაფიულ განვითარებას და საქართველოს მაღალტექნოლოგიური მედიცინის მომავალს.

სწორედ ამიტომ, მიმაჩნია, რომ ასეთი მასშტაბის გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს სიღრმისეულ კვლევას, გამჭვირვალე განხილვასა და ყველა შესაძლო შედეგის პროფესიულ შეფასებას",- წერს ანთია.