NVIDIA-ის ვიცე-პრეზიდენტის, რევ ლებარედიანის შეფასებით, სომხეთს აქვს პოტენციალი, გლობალურ ტექნოლოგიურ ბაზარზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდეს, რისთვისაც ქვეყანამ ხელმისაწვდომი ენერგორესურსები ხელოვნური ინტელექტის განვითარებას უნდა მოახმაროს.
მისი თქმით, ელექტროენერგიის ექსპორტის ნაცვლად, სომხეთს შეუძლია ენერგია გამოთვლით სიმძლავრეებად და ინტელექტუალურ რესურსებად გარდაქმნას, რომლებზეც მსოფლიო ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა.
„თუ ამ ენერგიის ინტელექტად გარდაქმნას შევძლებთ, იმ ფორმით, რომელსაც ტოკენებს ვუწოდებთ, მათი გაყიდვა გლობალურ ბაზარზე იქნება შესაძლებელი. ისინი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხვდეს. ამგვარად, ელექტროენერგიას დამატებით ღირებულებას ვანიჭებთ“, – განაცხადა NVIDIA-ის წარმომადგენელმა.
ლებარედიანის შეფასებით, მსგავსი მიდგომა სომხეთს საშუალებას მისცემს, შექმნას მაღალი დამატებული ღირებულების მქონე პროდუქტი, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე იქნება ორიენტირებული და ქვეყანას დამატებით შემოსავლებს მოუტანს.