ხელოვნური ინტელექტის განვითარება მონაცემთა ცენტრების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებას მკვეთრად გაზრდის. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) პროგნოზით, 2030 წლისთვის მათი წლიური მოხმარება შესაძლოა გაორმაგდეს და 1 000 ტერავატ-საათს მიაღწიოს.

სააგენტოს შეფასებით, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება მზარდ მოთხოვნას შესაძლოა ვერ დაეწიოს. ტეხასში, ვირჯინიაში, ფინეთსა და გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილი მონაცემთა ცენტრების პროექტების ჯამური სიმძლავრე უკვე აღემატება ამ ბაზრებზე არსებულ პიკურ მოთხოვნას. ქსელების მოდერნიზაციის გარეშე კი ენერგოსისტემების გადატვირთვისა და ახალი ობიექტების ქსელთან მიერთების შეფერხების რისკი იზრდება. ამ პირობებში მონაცემთა ცენტრების ოპერატორებს შესაძლოა საკუთარი ელექტროსადგურების მშენებლობაც დასჭირდეთ.

IEA-ის გათვლებით, ინფრასტრუქტურული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 2035 წლისთვის მსოფლიოში 26 მილიონი კილომეტრის ახალი გადამცემი ხაზის გაყვანა და დამატებით 16 მილიონი კილომეტრის განახლება იქნება საჭირო. პარალელურად, აუცილებელი გახდება ახალი გენერაციის ობიექტების, ქვესადგურებისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებაც.