2019 წელს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ჰოლდინგის, „აიგრუპის“ (aigroup) პრეზენტაციაზე ქუთაისში ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობა დააანონსა.
ქარხანა რეგიონში ელექტრომობილების პირველი მწარმოებელი უნდა ყოფილიყო, გარდა ამისა, მთავრობის მაშინდელი გეგმით, მასშტაბურ პროექტს ქუთაისისთვის "ინდუსტრიული ქალაქის" სტატუსი უნდა დაებრუნებინა.
მამუკა ბახტაძის თქმით, ქარხნის წარმადობა 40 ათასი ავტომობილი იქნებოდა, საიდანაც 50 პროცენტი შიდა ბაზარზე გაიყიდებოდა, ხოლო 20 ათას ავტომობილს ქვეყანა ექსპორტზე გაიტანდა.
ქარხანა ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში კომპანია „აიგრუფსა“ და ჩინურ ავტომწარმოებელ Changan-ს უნდა აეშენებინათ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქართულ–ჩინურ თანამშრომლობად პოზიციონირდა, გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ „აიგრუფი“ საჯარო რეესტრში „Big Service“-ის სახელით არის რეგისტრირებული და კომპანიის 8 მფლობელიდან ორი რუსეთის მოქალაქეა. რაც შეეხება Changan-ს, მის ქართულ საიტზე მისი პარტნიორებად რუსული Lada, УАЗ და Четра-ია მითითებული.
„ჩანგანს’’ საქართველოში ოფიციალურად შპს ‘’აიფროდაქშენი’’ წარმოადგენს, რომლის მფლობელ კომპანია, “ბიგ სერვისს" 2019 წლის 27 მაისს სახელმწიფომ 1 მილიონი კვ.მ. და მასზე განთავსებული ნაგებობები საკუთრებაში 1 ლარად გადასცა.
რას მოუტანდა ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისს?
2019 წლის 27 მაისს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ და ‘’ბიგ სერვისმა’’ მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფომ კომპანიას დაავალა მიწის გადაცემიდან 2 წლის ვადაში აეშენებინა და აემუშავებინა ელექტრომობილების ქარხანა.
ქუთაისში 1 წლის ვადაში 300 ადამიანი უნდა დასაქმებულიყო.
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის დამფუძნებლის, ალექსი ნონიაძის შეფასებით, ქუთაისში ელექტრო ავტომობილების წარმოება არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს გააძლიერებდა, არამედ ქვეყანაში წარმოებული მეორეული მანქანებიც ხელმისაწვდომი გახდებოდა, რაც საქართველოს მოძველებულ ავტოპარკს მნიშვნელოვნად განაახლებდა.
,,ქუთაისის ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა დარგის განვითარებისთვის, როგორც კი ახალი ავტომობილების წარმოებას დავიწყებდით, ბაზარი მეორეული მანქანებითაც შეივსებოდა, რომელიც საქართველოში იქნებოდა ნაწარმოები. თუ ეს პროექტი მართლაც განხორციელდებოდა, მნიშვნელოვნად განახლდებოდა ჩვენ მოძველებულ ავტოპარკს",- აღნიშნა ნონიაძემ „კომერსანტთან“ ინტერვიუში.
რატომ ვერ აშენდა ქარხანა?
2021 წლის 5 აპრილს, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის შემდეგ, კომპანია ‘’ბიგ სერვისს" ხელშეკრულება გაუახლეს. შენობის აგების ვადამ 36 თვით გადაიწია; საბოლოოდ კი ითქვა, რომ ელექტრომობილები ქუთაისში 2022 წლისთვის უნდა გამოგვეშვა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ამბობდა, რომ ადგილზე არა მხოლოდ მანქანების არამედ სათადარიგო ნაწილების წარმოებაც იქნებოდა შესაძლებელი.
2021 წელს კი მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ელექტრომობილების ქარხნის ამოქმედებას ხელი პანდემიამ შეუშალა, თუმცა მთავრობა ახლა ამავე ადგილას ელექტრობატარეების წარმოების პროექტზე მუშაობდა.
2022 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პროექტში ხარვეზები იყო, თუმცა მთავრობა ჩინურ კომპანიებთან ურთიერთობის განახლებას ცდილობდა.
,,არარელევანტური და არაადეკვატური",- ასე აფასებს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნიკოლოზ ალავიძე პროექტს.
მისი თქმით, ბაზრის შესწავლის გარეშე, უცხოეთიდან ჩამოტანილი ნედლეულით ელექტრომობილების აწყობის მოდელი, შემოთავაზებული მასშტაბით, ფინანსურად მოგებიანი ვერასდროს გახდებოდა.
,,პროექტის ინიციირების დროს ეკონომიკის სამინისტროში ვმუშაობდი. გათვლებიც გავაკეთე, საიდანაც ჩანდა, რომ შემოთავაზებული გათვლები არარელევანტური და არაადეკვატური იყო. მაშინდელ მიმოწერას თუ მოიძიებენ, ჩემი ნეგატიური დასკვნები ახლაც იქნება ხელმისაწვდომი.
რაღაც როცა კეთდება, პირველ რიგში, ბაზარი უნდა შევისწავლოთ- ალტერნატიული მიწოდება რა არის. საუბარი იყო, რომ უხცოეთიდან ჩამოვიდოდა ნედლეული და საქართველოში აეწყობოდა ელექტრომობილები. იმ რაოდენობის ელექტრომობილები, რაც ბიზნესგეგმაში იყო, ამ ავტომობილების თვითღირებულება და აწყობაში დახარჯული თანხა აბსოლუტურად არაადეკვატური მასშტაბის იყო.
სუბსიდირების წინაამღდეგაც ვიყავი, რადგან წარმოებული პროდუქცია კონკურენტუნარიანი ვერ იქნებოდა- გაურკვეველი იყო ამ მანქანების ხარისხიც. მოკლედ რომ ვთქვა, არითმეტიკულად ეს პროექტი მოგებიანი ვერასდროს ვერ გახდებოდა”,- აღნიშნა ალავიძემ "კომერსანტთან" ინტერვიუში.
2019 წლიდან დღემდე ქუთაისში, მისამართით ავტომშენებლის 41, მხოლოდ რკინის ღობე და ამ ღობის შიგნით პატარა ნაგებობაა, რომელიც უკვე დანგრეულია.
ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში 1 მილიონი კვ.მ. მიწის და მასზე განთავსებული ნაგებობების ბედი ეკონომიკის სამინისტროს მოვკითხეთ, პასუხს "კომერსანტის" რედაქცია ინფორმაციის მიღებისთანავე შეგატყობინებთ.