თაფლის ერთჯერადი, 15-გრამიანი პაკეტების მწარმოებელი კომპანიის "თაფლუნას" თანადამფუძნებლის, უჩა ჯიქურაშვილის შეფასებით, ქართული თაფლი ხარისხით გამოირჩევა, თუმცა მისი წარმოება მცირეა, ამიტომ ქვეყნისთვის მიზანშეწონილია ნიშურ ბაზრებზე ფოკუსირება, სადაც ხარისხი რაოდენობაზე მეტად ფასობს.

როგორც უჩა ჯიქურაშვილი "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ქართულ პროდუქტს ძალიან დიდი ქვეყნების მომარაგება, მაგალითად, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი არ შეუძლია.

"საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობის თაფლი არ იწარმოება, თუმცა ხარისხიანი პროდუქტი გვაქვს. აქედან გამომდინარე, თუ ნიშურ ბაზარზე შევალთ, საკმაოდ საინტერესო შედეგი გვექნება.  ძალიან დიდი ქვეყნების მომარაგება არ შეგვიძლია, მაგალითად, როგორიცაა: გერმანია, საფრანგეთი და ა.შ. რადგან წარმოება არ გვეყოფა სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ნიშური ბაზარი უნდა დავიკავოთ.  

რაც შეეხება მეფუტკრეების დახმარების საკითხს, საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს. ეს ყველაფერი დარგში კონკურენტუნარიანობას ზრდის. მაგალითად, ჩინეთში როდესაც ძალიან დიდი სახელმწიფო სუბსიდიაა, კონკურენციაც მაღალია", - აცხადებს უჩა ჯიქურაშვილი.

"თაფლუნას" თანადამფუძნებელი სექტორში არსებული გამოწვევების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ პროდუქტში ანტიბიოტიკების გამოყენება პრობლემური საკითხია.

"ანტიბიოტიკების საკითხი თაფლში წლებია არსებობს და ხშირია. ზოგიერთმა მეფუტრემ არ იცის, ზოგი კიდევ პრობლემას ყურადღებას არ აქცევს. ანტიბიოტიკების გამოყენება არ შეიძლება, მაგრამ საქართველოში აღნიშნული გამოწვევა კიდევ იქნება... გადაჭრის გზას, რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებაა, ეტაპობრივად იმედია, გამოსავლის პოვნას შევძლებთ. ჩვენი თაფლი ანტიბიოტიკებისგან თავისუფალია, რაც კმაყოფილ მომხმარებელს გვიზრდის", - აღნიშნავს კომპანიის თანადანფუძნებელი.

მისივე თქმით, ამჟამად, მეფუტკრეობაში დაავადება კვლავ მიმდინარეობს, რამაც შესაძლოა, თაფლის ფასი გაზარდოს.

"ასევე მეფუტკრეობაში დაავადება გვაქვს (საუბარია ტროპოლელაპსზე), რომელიც მნიშვნელოვანი პრობლემაა. თაფლს ხარისხობრივად აღნიშნული დაავადება არ აუარესებს, ფუტკრების დახოცვას იწვევს. შესაბამისად, თაფლის წარმოებაც მცირდება და ეს ყველაფერი ექსპორტზეც, შესაძლოა აისახოს. ასევე შესაძლოა, ფუტკრის რაოდენობა თუ მნიშვნელოვნად განადგურდა პროდუქტის ფასმაც აიწიოს", - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

უჩა ჯიქურაშვილი წარმადობის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ "თაფლუნას" კახეთში 700 სკამდე ოჯახი ჰყავს და წელიწადში 10 ტონამდე თაფლს  აწარმოებს.

"მეფუტკრეობას მივდევთ და 7 განსხვავებული სახის თაფლს თავად ვაწარმოებთ, თუმცა ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია 1 სახეობის პროდუქტით ხდება.

5-6 თვეა ქსელურ მარკეტებში შევედით, რაც მნიშვნელოვანია - ახლა ინოვაციური პროდუქტით ვართ წარმოდგენილი, კერძოდ, თაფლის 15-გრამიან ერთჯერად პაკეტებს ვაწარმოებთ. ზოგადად, საქართველოში თაფლი ქილაში მრავლადაა, მაგრამ აღნიშნული პროდუქტი იშვიათობაა.  თაფლის ერთჯერადი პაკეტები ძალიან მოქნილია, მაგალითად, სამსახურში მყოფ ადამიანს შეუძლია, კომფორტულად ჯანსაღი პროდუქტი გამოიყენოს - თეთრი შაქრის ბუნებრივი პროდუქტით ჩანაცვლება ხდება. ქსელურ მარკეტებში ერთჯერადი პაკეტებით შესული ვართ: "ფრესკოში", "წისქვილი ბაზარში", ONE Price-ში და "წერტიში". ასევე თაფლი ქილაშიც გვაქვს და ამ მიმართულებით "ევროპროდუქტში" შეგიძლიათ, გვნახოთ. ფასების დიაპაზონს, რაც შეეხებაა 1 ცალი ერთჯერადი პაკეტის ღირებულება 60 თეთრი გახლავთ, რაც შეეხება ქილაში მოთავსებულ თაფლს 11 ლარიდან 19 ლარამდე მერყეობს", - აცხადებს "თაფლუნას" თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, კომპანია "თაფლუნა" მეფუტკრეობას კახეთში წლებია მისდევს და 7 განსხვავებული სახის თაფლს აწარმოებს. კომპანია ადგილობრივ ბაზარზე, ქსელურ მარკეტებში 6 თვეა წარმოდგენილია.

bp.ge