არსებობენ თუ არა არამიწიერი ცივილიზაციები? სავარაუდოდ კი. უმეტეს ვარსკვლავს პლანეტები აქვს; ამ დროისათვის უკვე 6000-ზე მეტი ეგზოპლანეტაა აღმოჩენილი და ყველაზე საბაზისო სტატისტიკა მიუთითებს სამყაროში სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი აურაცხელი პლანეტის არსებობისკენ.
თუმცა, არამიწიერი ცივილიზაციების არსებობის რაიმე მტკიცებულებას დღემდე ვერ მივაგენით. ჩნდება კითხვა — რატომ?
არსებობს ჩვეულებრივი იდეები: სიცოცხლე სხვაგან ვერსად აღმოცენდა; დედამიწა კოსმოსური ზოოპარკია; ცივილიზაციები საკუთარ თავს ანადგურებენ, როგორც კი ამის გაკეთება შეუძლიათ; რაღაც ცივილიზაცია უნდა იყოს პირველი და ეს ჩვენ ვართ.
ამ დროისათვის არცერთი ეს მოსაზრება არ დასტურდება და არცერთ მათგანი არ არის განსაკუთრებით დამაკმაყოფილებელი პასუხი. მაშინ, რატომ არ უნდა დავამატოთ კიდევ ერთი მოსაზრება მთელ ამ კრებულს? იქნებ მიზეზი იმისა, რომ არამიწიერი არსებები ჯერ ვერ ვიპოვეთ, არის ხელოვნური ინტელექტი?
ასეთი იდეა მოდის ახალი კვლევიდან, რომელშიც ხელახლა იკვლიეს კარლ სეიგანის ზოგიერთი მოსაზრება. 1970-იან წლებში, სეიგანი განიხილავდა არამიწიერი გონის ძებნის ზოგიერთ გამოწვევას და ერთ-ერთ ასეთ პრობლემას ის უწოდებდა „კომუნიკაციის ჰორიზონტს“.
იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ განვითარებასთან ერთად, არამიწიერი ცივილიზაციის ტექნოლოგიები იმდენად დახვეწილი ხდება, რომ ჩვენთვის მისი დაფიქსირება შეუძლებელია. შეგვიძლია ჩვენგან 100 სინათლის წლით დაშორებული ცივილიზაციის რადიოსიგნალების დაჭერა, მაგრამ თუკი ისინი ნეიტრინო კომუნიკაციებს იყენებენ, ისინი ჩვენთვის პრაქტიკულად უხილავი იქნებოდნენ.
და თუ არსებობს რაიმე ახალი ფიზიკა, რომელიც მათ სინათლეზე სწრაფად კომუნიკაციის საშუალებას აძლევს? ჩვენი ძებნა განწირულია.
ადამიანის ცივილიზაციის პროგრესზე დაყრდნობით, სეიგანი ფიქრობდა, რომ ცივილიზაციას დაახლოებით ათასი წელი დასჭირდება, რომ გასცდეს ჩვენი დაკვირვების საზღვრებს.
თუმცა, სეიგანის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში.
დღეს ხელოვნური ინტელექტი „მძვინვარებს“. მოგწონთ ის თუ გძულთ, ხელოვნური ინტელექტი დღეს ჩვენი ცხოვრების ნაწილია. სრულიად შესაძლებელია, რომ ხელოვნური ინტელექტის წინსვლამ გარკვეულ ტექნოლოგიურ პლატოს მიაღწიოს, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ მიაღწიოს გარკვეული სახის ხელოვნურ სუპერინტელექტს (ASI).