,,დღესდღეობით, ქართული კომპანიები ჩინეთში, დაახლოებით, 400 მლნ დოლარის სატრანსპორტო მომსახურებას ყიდიან.’’- განცხადება Camex Airlines-ის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში გააკეთა. ის არ გამორიცხავს, რომ მონაცემები 1-2 წელში გაორმაგდეს.

,,შუა კორიდორთან ერთად მინდა აღვნიშნო "საავიაციო კორიდორი". როდესაც ჩინეთთან სავაჭრო ბრუნვაზე ვსაუბრობთ, კარგი იქნება გავითვალისწინოთ სერვისის ექსპორტი. სატრანსპორტო მომსახურება არის სერვისი და დღესდღეობით, ქართული კომპანიები ჩინეთში, დაახლოებით, 400 მლნ დოლარის ამ სახის მომსახურებას ყიდიან. პოტენციალი კიდევ გვაქვს. შესაძლოა ეს მონაცემები 1-2 წელში გაორმაგდეს და სავაჭრო ბალანსის  ჩვენს სასარგებლოდ მოქცევაში ხელი შეგვეწყოს. მონაცემების გაორმაგება სატვირთო ხომალდების დამატებით გამოიხატება, ანუ ქართულმა ოპერატორებმა, რომ ხომალდები დაიმატონ, რაც მარტივი არ არის. დღესდღეობით მსოფლიოში სატვირთო თვითმფრინავების ნაკლებობაა და მომავალი 5-6 წლის განმავლობაში ეს დეფიციტი ისევ შესამჩნევი იქნება. ჩვენ ივნისში ჩვენს ციფრებს გავაორმაგებთ, 1 ხომალდს დავიმატებთ და 1 წლის განმავლობაში რამდენიმე ხომალდის დამატებას კიდევ ვაპირებთ. ასევე, ალბათ სხვა ოპერატორებიც. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიგნით ჩვენს შორის კონკურენცია არ არის. ჩვენ იმდენად კარგად ვართ განლაგებულები და ამ დარგზე  იმდენად არის ხელშეწყობა, რომ ეჭვი მეპარება რამემ ხელი შეგვიშალოს. თუკი ამ სექტორში დღეს ვინმეს სერიოზულად უნდა, რომ რაიმე შექმნას და განავითაროს რეგულატორის მხრიდან სრული ხელშეწყობა აქვს", - აცხადებს გიორგი სეთურიძე. 

წყარო:bp.ge