ქართული ღვინის მიმართ საერთაშორისო ინტერესის მიუხედავად, მთავარ გამოწვევად კვლავ ცნობადობის ნაკლებობა რჩება. ამის შესახებ BM.GE-სთან საოჯახო მეღვინეობა „შერმა“-ს დამფუძნებელმა შოთა შერმადინმა განაცხადა.

მისი თქმით, კომპანია აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში და უკვე წარმოდგენილი იყო პარიზში, ბერლინში, ნიუ-იორკსა და კოპენჰაგენში. მისივე შეფასებით, ინტერესი და მოთხოვნა საერთაშორისო ბაზრებიდან ეტაპობრივად იზრდება, თუმცა ეს ჯერ საკმარისი არ არის, რომ უცხოელი იმპორტიორები გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.

„გამოფენებზე დაახლოებით 80% დადებითია უკუკავშირი, თუმცა იმპორტამდე ჯერ ვერ მივდივართ. ქართულ ღვინოს საერთაშორისო ბაზარზე ცნობადობა აკლია. იციან, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, მაგრამ განსაკუთრებით ქართლის ღვინოების მიმართულებით ცნობადობა ძალიან დაბალია. იმპორტიორი კი პირველ რიგში უყურებს, ბაზარზე რაზეა მოთხოვნა და რამდენად უღირს ქართული ღვინით დაინტერესება. ეს ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვურად არის დამოკიდებული“, – ამბობს მეღვინე.

საოჯახო მეღვინეობა „შერმა“ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ მეჯვრისხევში მდებარეობს და 2020 წლიდან ოპერირებს. კომპანია დაახლოებით ხუთ სახეობის ქართლის ღვინოს აწარმოებს, ასევე ასორტიმენტში აქვს კახური საფერავი.

bm.ge